ოპოზიციის გეგმები

ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს, 4 აპრილს კი თბილისში აქცია გაიმართება

მთავარი არხი

ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს, 4 აპრილს, 16:00 საათზე კი თბილისში აქცია გაიმართება. აპრილის აქციამდე სახელმწიფო შენობების პიკეტირებაც მოხდება.

ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მედიას ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის შემდეგ უთხრეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ 4 აპრილის აქციაზე გაცხადდება, კონკრეტულად როგორ განაწილდებიან ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები.

შალვა ნათელაშვილმა თქვა:

"საქართველოს ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 4 აპრილს, 4 საათზე მოიწვიოს სრულიად საქართველოს ყრილობა, მიტინგი, სადაც გამოცხადდება ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიული და ისტორიული გეგმა. რეჟიმი გადავიდა აღვირახსნილ დიქტატურაზე, დაჭერებზე, რეპრესიებზე, დათრგუნვაზე, ქართველი ხალხი არ შეუშინდება, არ დაიჩოქებს, ამიტომ ამ წუთიდანვე ვიწყებთ ძალიან დიდი სახალხო თავყრილობისთვის მზადებას".

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე უარი გუშინ მას შემდეგ თქვა, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც ოპოზიციის ლიდერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების რესურსი ამოწურა.

კომენტარები