ოპოზიციის გეგმები

ჯაფარიძე: "ლელოს" არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა ოპოზიციის შეთანხმებას მაჟორიტარებზე

მთავარი არხი

ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია "ლელოს" ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, შეუერთდება თუ არა ოპოზიციის გეგმას, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კონსოლიდირებულად დაყენებას ეხება.

ჯაფარიძემ ეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს, 4 აპრილს, 16:00 საათზე კი თბილისში აქცია გაიმართება. სავარაუდოდ სწორედ 4 აპრილის აქციაზე გაცხადდება, კონკრეტულად როგორ განაწილდებიან ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები.

"რაც შეეხება კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით: როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირებული პარტია, რომელიც იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ.ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენი გეგმით ვვითარდებით. ლელოს პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვვითარდებით ძალიან სწრაფად და ვვითარდებით ჩვენი გეგმის მიხედვით", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყების და აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა. მოლაპარაკების შეწყვეტა კი თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა - სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსჯა საქმეზე, რომელზეც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. 

გუშინ, 10 თებერვალს, 15:00 საათიდან ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20. უგულავას სასჯელის შემდეგ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი აღარ გაიმართება.

კომენტარები