საქართველოს საპატრიარქო

მამა ანდრია სარია: ერთ-ერთ ეპისკოპოსს მონაზონთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი და ბერმა შეუსწრო

მთავარი არხი

მამა ანდრია სარია, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმსახურება აუკრძალა, ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს მონაზონთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა და მათ ბერმა შეუსწრო. მამა ანდრია მთავარ არხთან ყვება, რომ ამის შესახებ მან პატრიარქის მოსაყრდე მეუფე შიოსთანაც ისაუბრა, თუმცა მან და სხვა მღვდელმსახურებმა მას არ მოუსმინეს. 

"ერთერთ ეპისკოპოსზე ვთქვი, რომ მონაზონთან ჰქონდა კავშირი და ბერმა შეუსწრო. მძღოლი იყო ბერი. როდესაც მივიდა ეს ბერი პატრიარქთან და უთხრა, რომ მე ვნახე ეს ყველაფერი და ის უნდა განიკვეთოსო ანდა მე წავალ ეკლესიიდანო. ერთ კვირაში დაიბარეს და ამ საკითხზე პასუხს გეტყვიო. ერთ კვირაში რომ მივიდა, ჯობია შენ წახვიდეო, თუ გინდაო და ეს ბერი განიმოსა და ახლა საბურთალოზე ბინაში ცხოვრობს"- ამბობს მამა ანდრია. 

მამა ანდრიას თქმით, ეს და მსგავსი ფაქტების გახმაურება გახდა მისი დასჯის მიზეზი. ის ამბოსბ რომ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ "კრიმინალურ გარჩევას დაემსგავსა". 

მთავარი არხის ინფორმაციით, მამა ანდრიამ მათ ჩანაწერი გადასცა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, საპატრიარქოს შენობაში გაკეთდა. მათი ცნობით, ამ შეხვედრაზე მამა ანდრია დაიბარეს და უთხრეს რომ ის დასჯილია საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო. მთავარი არხი აცხადებს, რომ ჩანაწერი ორმხრივი თანხმობით გაკეთდა და შესაბამისად, საპატრიარქოშიც ინახება ასლი. სწორედ ამ შეხვედრაზე ისაუბრა მამა ანდრიამ ერთერთი ეპისკოპოსის სქესობრივ კავშირზე. 

ჩანაწერში სავარაუდოდ არიან მამა ანდრია სარია, მოსაყდრე შიო, ატენისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე ჭუაზე. ისინი მამა ანდრიას საუბრის საშუალებას არ აძლევენ და ამბობენ, რომ "სამწუხაროდ, თავხედურად ლაპარაკობს". 

"რომ სინოდი ფარისევლობაა, რომ ნარკორეალიზატორი არიან მღვდლები, რომლებიც საკურთხევლიდან ყიდიან ნარკოტიკებს, ანუ ეს საჯაროდ გაკეთებული, დაუსაბუთებელი განცხადებები, ბრალდებებია და ცილისწამებაა, რაც აღემატება თქვენს ფუნქციებს, როგორც მღვდლისა და ამისთვის გაძლევთ გაფრთხილებას, რომ თუ თქვენ ამას გააგრძელებთ, შემდეგ უკვე კანონების მიხედვით ვიმოქმედებთ. მტკიცებულებები თუ გაქვს ჯერ გაირჩეს და მერე უნდა ილაპარაკო. შენ შეიძლება მღვდელი არ იყო და მერე აკეთო ეს. მღვდლობასთან შეუსაბამოა"- ამბობს ჩანაწერში, სავარაუდოდ მოსაყდრე შიო.

მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურების უფლება საპატრიარქომ 22 იანვარს შეუჩერა. ის ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ღიად საუბრობდა და მხარს უჭერდა მეუფე პეტრე ცაავას და საპატრიარქოს წარმომადგენლებს აკრიტიკებდა. 

კომენტარები