ოჯახში ძალადობა

ცოლის და არასრულწლოვანი შვილის ცემის ბრალდებით, ახალციხეში კაცი დააკავეს (ვიდეო)

www.geo.tv

სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული ჯ.გ. ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ სახლში, არასრულწლოვან შვილს - 2009 წელს დაბადებულ ს.გ.-სა და მეუღლეს - 1987 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ჯ.გ., არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ​პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო." - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები