Bloomberg-ის სტატია

თალაკვაძე: Bloomberg-ის სტატია, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატია, სადაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არიან გაკრიტიკებული, "დიდი ალბათობით დასპონსორებულია."

"Bloomberg-ის სტატია, რომელზეც თქვენ მეკითხებით, მაღალი ალბათობით, სავარაუდოდ, არის დასპონსორებული სტატია," - ამბობს თალაკვაძე.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები "წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ახორციელებენ" რადგან "იციან, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება მხარს არ უჭერს."

"ისინი ცდილობენ, საზღვარგარეთ, მათ შორის, საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები და სცადონ, ამით მაინც, კომპენსაცია გაუკეთონ იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანაში აქვთ," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ამერიკულ Bloomberg-ზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა, სადაც ავტორი ელი ლეიკი ივანიშვილს "ჩრდილოვან ბოსად" მოიხსენიებს. 

თავის მხრივ, თალაკვაძის ვარაუდი სიმართლეს არ შეესაბამება - სტატია "დასპონსორებული" არ არის.

Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატია ამჯერად ქართული ოცნების მიერ ამერიკელი ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ისთვის თვეში $75 000-ის გამოყოფას ეხება, რომელთანაც მმართველმა გუნდმა კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც "ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს" რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს. 

კომენტარები