საპატრიარქო

TDI: ტყეების საპატრიარქოსთვის გადაცემა პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას

საქართველოს საპატრიარქო

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ეხმიანება “საქართველოს ტყის კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეეძლება საპატრიარქოს გადასცეს საქართველოში არსებული თითოეული ეკლესიის მიმდებარედ არსებული 20 ჰექტრამდე ტყე.

TDI–ის პოზიციით, ეს ცვლილება დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო ქონების კანონის ის ნორმა მიიჩნია დისკრიმინაციულად და სცნო არაკონსტიტუციურად, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას.

"გაუგებარია, საპატრიარქოს რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტყეების საკუთრების უფლებით ფლობასთან დაკავშირებით. საპატრიარქო სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას _ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან ყოველწლიური დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონ ლარს აღწევს. საპატრიარქო ასევე გათავისუფლებულია გადასახადებისგან," - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი იზრდება წინაასარჩევნო პერიოდებში, რაც ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ დღეისათვის რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების დიდი ნაწილი საკუთარ რელიგიურ ქონებას არ ფლობს საკუთრების უფლებით. ისინი ვერც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნებას ახერხებენ.

"ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ისტორიული ქონების საკუთრების უფლებით დაბრუნება, მათ, სწორედ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებული დისკრიმინაციული ნორმების საფუძველზე ეზღუდება. მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული," - წერია განცხადებაში. 

სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მთავრობას ექნება შესაძლებლობა საპატრიარქოს გადასცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესიის მიმდებარედ არსებული 20 ჰექტრამდე ტყე. საუბარია თითოეულ ეკლესიასთან მდებარე 20 ჰექტარ ტყეზე.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. 

კომენტარები