აშშ

"დასავლეთი იგებს! თავისუფლება და დემოკრატია იგებს" - პომპეოს გამოსვლა მიუნხენში

მაიკ პომპეო
Kyiv Post

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მიუნხენის უსაფრთხოების 2020 წლის კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა, სადაც თავისუფალი, დასავლური სამყაროს არალიბერალურ ალტერნატივებთან შედარებით უპირატესობაზე, მსოფლიო გამოწვევებსა და მათ გადასაჭრელად თავისუფალი სამყაროს, აშშ-ის წინამძღოლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ გამცნოთ, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსის სიკვდილი ძალიან გაზვიადებულია. დასავლეთი იგებს! ჩვენ ერთად ვიგებთ," - ამ სიტყვებით პომპეო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვებს გამოემხაურა, რომ NATO-ს ტვინი მკვდარია.

პომპეომ სიტყვა "მარტივი ფაქტების" ახსნით დაიწყო, რომ თავისუფალი ქვეყნები მეტად წარმატებულები არიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოდელი, რაც ცივილიზაციის ისტორიაში გამოუცდიათ. ეს წარმატება კი მთავრობების მიერ ადმიანის უფლებების პატივისცემაში, ეკონომიკური წარმატების გაძლიერებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გამოიხატება.

როგორც მან აღნიშნა, ესაა მიზეზით, თუ რატომ რისკავს არაერთი ადამიანი სიცოცხლეს, რათა ხმელთაშუა ზღვაში სახიფათო მოგზაურობით, მაგალითად, იტალიაში ჩავიდეს - "ჩვენ არ ვხედავთ ადამიანებს, რომელებიც არალეგალურად ირანში ან კუბაში შეღწევას ცდილობენ".

მან ასევე აზიური ქვეყნების მაგალითი მოიხმო, როცა გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დღეს უკვე მსოფლიოს ლიდერი წამყვანი ეკონომიკები გახდნენ - "თქვენ ყველას ნანახი გაქვთ სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული განსხვავების რუკა, სამხრეთ კორეა განათებულია, ჩრდილოეთ კორეაში კი სრული სიბნელეა".

"დასავლეთი იგებს! თავისუფლება და დემოკრატია იგებს! მე ამით მხოლოდ გეოგრაფიულ სახელმწიფოებს არ ვგულისხმობ. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ინდივიდუალურ თავისუფლებებს, თავისუფალ წარმოებას, ეროვნულ სუვერენიტეტს პატივს სცემს, ამ დასავლური იდეის ნაწილია. მე მინდა ვისაუბრო, თუ როგორ ეყრდნობა ჩვენი სიდიადე სუვერენიტეტს. ჩვენ ჩვენს საზღვრებს ვაკონტროლებთ, რათა ადამიანების უსაფრთხოება შევინარჩუნოთ, რათა მათ შეეძლოთ თაყვანისცემა, მუშაობა და შეფერხების გარეშე ჩვენი ქვეყნები დიდებული გახადონ. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის უფლებას, განახორციელონ თავიანთი საქმეები ისე, როგორც მათ სურთ, მანამ სანამ ჩვენს სუვერენიტეტში არ შემოიჭრებიან და ჩვენს მეგობრებს არ ავნებენ," - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პომპეომ თქვა, რომ ქვეყნების სუვერენიტეტისადმი პატივისცემა მათი წარმატების საიდუმლო იყო.

მან აღნიშნა, რომ დასავლეთი იგებს, თუმცა ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ ქვეყნები, რომლების სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ, კვლავ იმუქრებიან და "ზოგი ქვეყანა კვლავ იმპერიად ყოფნას ესწრაფვის".

"რუსეთმა ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები დაიპყრო. ირანი საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებს რაკეტებით აფეთქებს და მისი პროქსი ძალები ერაყში, სირიაში, ლიბანსა და იემენში არსებობს. ჩინეთი ვიეტნამის, ფილიპინების, ინდონეზიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს უტევს. ჩინეთს თითქმის ყველა მეზობელთან აქვს სასაზღვრო დავა," - განაცხადა პომპეომ.

მაიკ პომპეომ კიბერუსაფრთხოებაზეც ისაუბრა, სადაც ჩინეთის მხარდაჭერილი ტექნოლოგიების სახელმწიფო კომპანია, ჰუავეი, ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის ტროას ცხენად მოიხსენია, ხოლო რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა "ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას ცდილობდა".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისეთი ავტორიტარული ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ეკონომიკურ წნეხზეც ისაუბრა - "ჩინეთი ტაივანსა და ჰონგ-კონგზე გაჩუმებას ითხოვს. ამიტომ, შეთანხმებები გრძელდება".

"სუვერენიტეტზე თავდასხმა დესტაბილიზაციას, გაღატაკებასა და დამონებას იწვევს," - პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუვერენიტეტზე თავდასხმა დასავლურ იდეაზე თავდასხმაა.

თუმცა, მას ბევრი კარგი სიახლე აქვს - "ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, ჩვენ ჩვენს თავისუფლებებს ვიცავთ, ჩვენ ჩვენს სუვერენულ უფლებას ვიცავთ, თუ როგორ ვიცხოვროთ".

"აშშ-მა უკრაინა სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგა, რათა ამ დიდებულმა ქვეყანამ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს და ჩვენ ბალტიის სახელმწიფოებთან ვმუშაობთ კიბერუსაფრთხოებაზე, რათა ისინი განგრძობადი კიბერშეტევებისგან დავიცვათ," - თქვა პომპეომ.

პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ცივი ომის შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი გაძლიერების საქმეში მოკავშირეების გვერდით იდგა - "აშშ-მა აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან ნატოს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს... ჩვენ ვუძღვებით Defender Europe 2020-ს, რაც 25 წლის განმავლობაში აშშ-ის ჯარების უდიდესი განლაგებაა ევროპაში".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო საზოგადოებაში ამერიკის ლიდერობის მნიშვნელობაზე საუბრისას მოკავშირეების მობილიზებაში აშშ-ის როლი აღნიშნა, რათა ჰორმუზის სრუტეში გზების დაცვაში დახმარებოდნენ და "სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის დაცვაში. აშშ ასევე მუშაობდა საერთაშორისო სანქციებზე, რათა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის განვითარებისთვის ხელი შეეშალა. კიმ ჩენ ინის მოლაპარაკების მაგიდაზე დასაბრუნებლად ვიმუშავეთ, ჩვენ გავუძეხით 81 ქვეყანას გლობალურ ბრძოლაში, რათა ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი დაგვემარცხებინა..."

"ეს ამერიკაა, ვინც საერთაშორისო საზოგადოებას უარყოფს?" - პომპეო ამ კითხვით გერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის, გუშინდელ კრიტიკას გამოეხმაურა, რომ აშშ, ტრამპის ადმინისტრაციის ლიდერობით, საერთაშორისო საზოგადოების იდეას უგულვებელყოფდა.

პომპეომ აშშ-ის სტრატეგია დაიცვა და თქვა, რომ ევროპას, იაპონიასა და სხვა ამერიკელ მოკავშირეებს, ტაქტიკური განსხვავებების მიუხედავად, რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ. 

"ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ალიანსების, ჩვენი მეგობრების. თავისუფალ დასავლეთს ბევრად ნათელი მომავალი აქვს, ვიდრე არალიბერალურ ალტერნატივებს. ჩვენ ვიგებთ და ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ... ნუ მოტყუვდებით მათგან, ვინც საწინააღმდეგოს გეუბნებათ," - თქვა პომპეომ და აღნიშნა, რომ როდესაც ირანელი მაღალჩინოსნების მსხვერპლის როლის თამაშს უყურებენ, გაიხსენონ მათ მიერ მოკლული უდანაშაულო ირანის მოქალაქეები, ასევე "როდესაც რუსეთი ამბობს, რომ Nord Stream 2 წმინდად ეკონომიკურია, ნუ მოტყუვდებით და გაითვალისწინეთ საზიანო დანაკარგი და 2006 წლის, 2008 წლის 2009 წლის, 2015 წლის გამარჯვებულები".

"მე ყველა თქვენგანის მჯერა, მე მჯერა ჩვენი ერთად ყოფნის... ჩვენ ყველანი ამ ბრძოლაში ვართ. მოდით, გავაგრძელოთ მოგება. დაე, ღმერთმა დალოცოს თავისუფალი სამყარო და ამერიკის შეერთებული შტატები," - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სიტყვის დასასრულს.

კომენტარები