არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: პროკურატურა უგულავას საპროცესოს სთავაზობდა, თანაგუნდელებმა უარი ათქმევინეს

ინტერპრესნიუსი

არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ გიგი უგულავას საპროცესო შეთანხმებაზე უარი თანაგუნდელებმა ათქმევინეს, რათა მისი დაპატიმრება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ოპოზიცია ცდილობს, უგულავას პატიმრობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

"მან გააკეთა განცხადებები, რომ პროკურატურა სთავაზობდა საპროცესო შეთანხმებას, ანუ როგორც ჩანს მას ჰქონდა შეთავაზებული წინადადება, რომლითაც მას შეეძლო, რომ პატიმრობისგან თავი აერიდებინა. მაგრამ აქ სხვა კითხვებიც ჩნდება, ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის დესტრუქციული დღის წესრიგი იყო განმსაზღვრელი, როდესაც მისმა თანაგუნდელებმა უარი ათქმევინეს ასეთ შეთავაზებაზე.

თქვენ ნახეთ კამპანია, როგორ ჩაატარეს დიდი პარტიული ღონისძიება და როგორ აღნიშნეს ადამიანის დაპატიმრება და მისი შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თქვენ რა, ვერ დაინახეთ იქ პოლიტიკური მოტივაციები და მისი გუნდი როგორ ცდილობდა ამ პატიმრობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას? გაგვცენ პასუხები, სახელმწიფოს რა ულტიმატუმს უყენებდნენ ეს ადამიანები, ბატონი გიგი უგულავას თანაგუნდელები. ეუბნებოდნენ, რომ თუ დააპატიმრებთ ამ ადამიანს, მაშინ ჩვენ გამოვალთ, დავაფიქსირებთ პროტესტს და მაქსიმალურად ჩავშლით დიალოგს. და თუ არ დააპატიმრებთ და მთლიანად გაათავისუფლებთ პასუხისმგებლობას, თავს კარგად ვიგრძნობთო.

გამოდის, რომ ის ჩანაწერები, რომლებიც ბანკომატების კამერებით არის გადაღებული, ხალხი სხვების საკრედიტო ბარათებიდან თანხას რომ ხსნის. ამ ულტიმატუმს უყენებდნენ ხელისუფლებას. მთლიანად გაათავისუფლეთ ჩვენი გუნდი ამ პასუხისმგებლობისგან და მხოლოდ მაშინ დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთანო. ეს არის ნორმალური დემოკრატია?", - თქვა თალაკვაძემ ტვ იმედის ეთერში.

10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

წინა დღეს, 9 თებერვალს უგულავამ "ფორმულაზე", გიორგი თარგამაძის გადაცემაში თქვა, რომ"არანაირი ვაჭრობა, ბრალს აღიარება საპროცესო გარიგებები არ იქნება".

კომენტარები