ჯერ პროპორციული საარჩევნო სისტემის, შემდეგ კი ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, დაპატიმრებას საქართველოს საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
ნახეთ, რას პასუხობდნენ ქართული ოცნების ლიდერები და დეპუტატები ამ კრიტიკას:
- "ვფიქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა, აი, ასეთი ინტენსივობით, არ არის მიზანშეწონილი. შეშფოთება ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან, პირადად, ჩემთვისაც არის შემაშფოთებელი, როდესაც უსაფუძვლოდ გამოიხატება მათი კრიტიკა," - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.
- "ნამდვილად არ უწყობს ხელს კონგრესმენების ეს განცხადებები ხელს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორბის განმტკიცებას... თუ რამეს ხელს უწყობს, უწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს,"- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
- "დემოკრატია როგორ არ არის [ქვეყანაში] და კარგი იქნება, თუ ამას რეალურად შეაფასებენ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან,"- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია გაჩეჩილაძე.
- "ზუსტად იგივე რიტორიკაა, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე.
- "ეს არ არის მეგობრული ტონი, ასეთი დამოკიდებულება, ასე ჩარევა, ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება, ეს არ არის მეგობრობა. ძალიან ნუ მივაჩვევთ ამ ადამიანებს, საქართველოს როგორც უნდათ, ისე გაუარ-გამოუარონ. კეთილი ინებონ, კარგად ჩაიხედონ დოკუმენტებში, კარგად ჩაიხედონ პროცესებში, მასალებში და ამის მერე გააკეთონ ეს განცხადებები" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი.
- "ერთერთმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ემოციურ ფონზე განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსების ადგილი უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა - ციხეში,"- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე.
- "ვერც ერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის და ვერ იქნება უკეთ ინფორმირებული ვიდრე ჩვენ," - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
- "განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის ზედაპირული განცხადებები,"- ამბობს თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.
- "საერთაშორისო პარტნიორებსაც როგორც მიაწვდიან და რასაც ხედავენ, შეიძლება უჩნდებათ კითხვები. საერთოდ, სხვა სხვის ომში ბრძენია, ჰო იცით,"- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ.
- "2012 წლამდეც ბევრი არაადეკვატური შეფასება და დუმილი აიტანა ქართველმა ხალხმა დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეებიდან ისე, რომ ხმამაღლა ერიდებოდა პროტესტის გამოხატვას," - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რომან კაკულიამ.