გიგი უგულავას საქმე

კობახიძე უგულავაზე: 48 მლნ-ს მოპარვაზე კითხვის ნიშნები არ იყო არც ერთი ევროპარლამენტარისგან

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმეზე 48 მილიონის მოპარვასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს კითხვის ნიშნები არ აქვთ. კობახიძის თქმით, კითხვები ეხება იმას, რატომ დააკავეს ოპოზიციციის ლიდერი საარჩევნო წელს.

"გიგი უგულავასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ იყო შინაარსთან დაკავშირებით. ანუ არავის ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ ამ კაცმა 48 მილიონი მოიპარა. კითხვის ნიშნები იყო იმასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს საარჩევნო წელს. ჩვენ ვუხსნიდით, რომ საარჩევნო წელი ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს და ა.შ. რაც შეეხება თვითონ 48 მილიონის მოპარვას, ამაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ იყო რეალურად, არც ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან", -თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისთვის გაუგებარია, რატომ აცხადებენ გიგი უგულავას პოლიტპატიმრად და სავარაუდოდ, მის თანაგუნდელებს მოუწოდებს, "მოიტანონ ეს 48 მილიონი".

"ყველამ იცის ის, რომ 48 მილიონი მოიპარეს, ეს იყო თბილისის მოსახლეობის ფული და კაცს აცხადებენ პოლიტპატიმრად, რაც არის გაუგებარი. ჯერ მოიტანონ ეს 48 მილიონი უკან, დაუბრუნონ ხალხს და მერე ვილაპარაკოთ ვიღაცის პოლიტპატიმრებაზე", - თქვა კობახიძემ.

გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. 

კონკრეტულად ევროპარლამენტარებს კითხვები აქვთ უგულავას განაჩენის მოტივაციაზე, პროცედურასა და დროზე​. ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანი ევროპარლამენტარები - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი (EPP, DE), ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი (S&D, EE) და საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი (S&D, EE).

ასევე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველოში სასამართლოს ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ.

კომენტარები