ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტი

კობახიძე რეზოლუციის ჩაგდებაზე: არ არის არავითარი პრობლემა "ოცნებისთვის", არც სახელმწიფოსთვის

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ევროპარლამენტში ჩაგდება პრობლემას არ შექმნის.

"ამ დოკუმენტის არმიღება არ არის არავითარი პრობლემა, ბუნებრივია, ქართული ოცნებისთვის. ეს არ იყო პარტიული დოკუმენტი. და არც სახელმწიფოსთვის ეს არ შექმნის არავითარ პრობლემას. საქართველო, ბუნებრივია, გააგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის კუთხით და კვლავად დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით", - თქვა კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მან რეზოლუციის ჩაგდება ოპოზიციას დაუკავშირა და თქვა, რომ ისინი მზად არიან საკუთარი, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის "ევროინტეგრაციისთვისაც კი სცადონ დაბრკოლების შექმნა". დეპუტატმა ევროპულ საქართველოს "ანტიევროპული საქართველო" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული.

"ეს არის მათი სახე, ძალიან კარგად ამართლებს ეს პოლიტიკური პარტია, ერთ-ერთი დანაყოფი, საკუთარ სახელს - ეს პოლიტიკური ძალა, თავისი ნაცმოძრაობით და ყველა განშტოებით, ნამდვილად არის ანტიევროპული საქართველო და ეს სახელი მათ ნამდვილად დაიმსახურეს. თუმცა გავიმეორებ, რომ მათ არაფერი გამოუვათ, მათი მცდელობა, რომ შეფერხდეს საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის კუთხით, არის განწირული წარუმატებლობისთვის", - თქვა კობახიძემ.

დეპუტატმა კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი ევროინტეგრაციის კუთხით, რჩება მოწინავე ქვეყნად, ასრულებს ყველა ვალდებულებას და სწორედ ეს იყო ასახული დეკლარაციის პროექტში. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა ამ დოკუმენტის პოლიტიზების და არასწორი ინფორმაციის ასახვის მცდელობა.

"ჩვენმა ოპონენტებმა, ნაციონალური მოძრაობის და ანტიევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა, გააკეთეს ყველაფერი, რომ დეკლარაცია არ დამტკიცებულიყო. ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი, მასში არის ასახული უბრალოდ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. არის შესული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაცია და ამ ფონზე მით უმეტეს გასაოცარი იყო მათი სიხარული, რომელიც გამოხატეს ამ დოკუმენტის არ დამტკიცებასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

13 თებერვალს, ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომლის ტექსტიც ქართული ოცნების მიერ იყო მომზადებული.

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაციის წევრია, ჰყვება, რომ ქართული ოცნების ტექსტი სრულად იქნა უარყოფილი, რადგან მასში საერთოდ არ იყო ნახსენები საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, საუბარი იყო პროგრესზე დემოკრატიის თვალსაზრისით და აღნიშნული იყო, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია. დოკუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ქართული ოპოზიციისთვის, ასევე, ევროპარლამენტის დასავლელი დეპუტატებისთვის.

დეკლარაციის მიღება ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომების დასრულების შემდეგ, წელიწადში ორჯერ ხდება. ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით განიხილავს.

კომენტარები