გიგი უგულავას საქმე

კობახიძე უგულავას საქმეზე: დასავლეთიდან ყველა კრიტიკული განცხადება ემოციურ ფონზე გაკეთდა

ტაბულა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიგი უგულავას დაკავებაზე შეშფოთება ყველა დასავლელმა პარტნიორმა ემოციურ ფონზე გამოთქვა.

ხოლო მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტიდან საქმის შემსწავლელი კომისია ჩამოვა,   "პრაგმატული განცხადებები გაკეთდება".

კობახიძეს ტაბულამ ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ევროპარლამენტარების, კონგრესმენების, საელჩოების, საგარეო უწყებების ყველა განცხადება ემოციურ ფონზე გაკეთდა.

ქართული ოცნების დეპუტატმა უპასუხა:

"ძალიან მარტივად არის საქმე. როცა ჩამოდის შენთან ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, ამას ბუნებრივად მოჰყვება რეაქცია. ფონიც არის, ბუნებრივია, ემოციური, ამ შემთხვევაში. რაც შეეხება საბოლოო პოზიციას, ის ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვა მისია, რომელიც დაადგენს, მოიპარა თუ არ მოიპარა გიგი უგულავამ 48 მილიონი. იყო თუ არა ყველაფერი პროცედურულად წელში გამართული. ამის შემდეგ გაკეთდება არა ემოციური, არამედ პრაგმატული განცხადებები.

ფონი იყო მთლიანობაში ემოციური და იმ ფონზე გაკეთდა ყველა განცხადება. იმ დღეს იყო ემოციური ფონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ.

ყველა მათგანის განცხადება წაიკითხეთ აქ.

კომენტარები