ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა

"დიალოგი მათი უგუნურობით დამთავრდა" - ოპოზიციის უარი "ოცნებასთან" ცალ-ცალკე მოლაპარაკებაზე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე შეხვედრას და საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებს სთავაზობს. ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა. მან აღნიშნა, რომ "დიალოგი აუცილებელია", ამისთვის ქართული ოცნება მზად არის და "არ არის აუცილებელი, ყველა პარტია ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი".

მმართველი გუნდის შეთავაზებაზე ოპოზიცია უარს ამბობს და აცხადებს, რომ "ოცნებამ" დიალოგზე უარი თავად თქვა, როდესაც ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს, გიგი უგულავას, პატიმრობა შეუფარდა.

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ ახალი, ბისმარკისეული სტრატეგია მოიგონა - "დაყავი და იბატონე“. მისი თქმით, არანაირი სეპარატული მოლაპარაკებები კალაძესთან და ქართულ ოცნებასთან არ იქნება.

"დიალოგი იმ ამოცანით და იმ მიზნით მიმდინარეობდა, რომ პროპორციულ სისტემაზე შევთანხმებულიყავით, მაგრამ მათ უარი თქვეს დიალოგზე და დაიწყეს ოპოზიციური ლიდერების დაჭერა. შესაბამისად, დიალოგი დამთავრდა მათი ამ უგუნური ნაბიჯით. ამიტომ, ახლა რას ამბობენ, ვისთან საუბარი უნდათ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია და მოლოდინი მაქვს, რომ სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ დიალოგზე არ წავა" - თქვა კაპანაძემ.

ქართულ ოცნებასთან ცალკე მოლაპარაკებას არც ნაციონალური მოძრაობა აპირებს. 

"ეს არის ქართული ოცნების შეთავაზება მოლაპარაკებებზე? ანუ, ვინც კი შევა მოლაპარაკებაზე, იქიდან დაპატიმრებული გამოვიდეს? ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს არანაირ მოლაპარაკებას",- ამბობ ზაალ უდუმაშვილი.

ახალი საქართველოს ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით კი, ოპოზიცია თავის სამოქმედო გეგმას მიჰყვება.

"მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები. ჩვენ ერთიანები, ძლიერები ვართ. მივყვებით ჩვენს სამოქმედო გეგმას. თუ რამის ინიცირება უნდათ, მივიდნენ და პარლამენტში დაარეგისტრირონ",- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.  

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით ლევან კობერიძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას არც ღია და არც დახურულ შეხვედრაზე არ შეხვდებიან. 

"ჩვენ, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები, ქართულ ოცნებას ერთი ერთზე არც საჯარო და არც დახურულ შეხვედრაზე არ დავუსხდებით",- ამბობს ლევან კობერიძე.  

ქართული ოცნების შეთავაზებაზე უარს ამბობს ლეიბორისტული პარტიაც. გიორგი გუგავას თქმით, "ივანიშვილთან და მის ამფსონებთან" მოლაპარაკება შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან "ივანიშვილს არაერთხელ გადაუგდია ქართველი ხალხი, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება, აქედან, ბუნებრივია, ვინც მას გაურიგდება, გამოიყენებს და გადააგდებს".

ქართულ ოცნებასთან ცალკე შეხვედრას გამორიცხავს დემოკრატიული საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც. ის ამბობს, რომ ოპოზიცია შეთანხმებამდე მისვლას ცდილობდა, თუმცა მოლაპარაკებები ხელისუფლებამ ჩაშალა.

"ცალ-ცალკე რატომ უნდა შეგვხვდნენ? რომ ცალ-ცალკე ივაჭრონ?" - კითხულობს ბურჯანაძე.

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმითვის, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგი განაახლოს, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვიტოს.

"თუ მათ სურთ დიალოგის გაგრძელება ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით, ამის წინაპირობაა, რომ პოლიტიკური პატიმრები გამოუშვან. ლიდერების პოლიტიკური დევნა შეწყდეს და უნდა დავინახოთ სერიოზული განწყობა, რომ მართლა სურთ კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით",- თქვა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

"ოცნების" შეთავაზებას არ იღებს არც პარტია თავისუფალი საქართველო. კახა კუკავას თქმით, საარჩევნო სისტემაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიიღებენ.

"არ ვიცი, კალაძემ რა გადაწყვიტა და ახალ ფორმატზე საუბრობს თუ არა, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ ურთიერთობას და ნებისმიერი პოზიციის ცვლილებას ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მივიღებთ ერთობლივად, იმ ფორმატში, რომელიც მოიცავს, დაახლოებით, 30-მდე პოლიტიკურ პარტიას",- უთხრა კახა კუკავამ ტელეკომპანია პირველს. 

ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ამით ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებას გეგმავდა - ისინი ფიქრობდნენ, რომ მმართველ გუნდს მანდატების ასე განაწილებას შესთავაზებდნენ - 130 მანდატი პროპორციული წესით, 20 მანდატი - მაჟორიტარულით.

იქამდე, ხელისუფლებამ ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილება შესთავაზა, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა.

თავის მხრივ, ხელისუფლება უარს ამბობს, არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩაატაროს, რომელიც მაჟორიტარული სისტემაა, მაგრამ მანდატების უფრო სამართლიანად გადანაწილებას გულისხმობს.

მოლაპარაკებები და საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება უკან წაიღო და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

გადაწყვეტილებას მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ასევე, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული წერილები მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები