ოპოზიციის პროტესტი

ნადირაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა სწორედ ისაა, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტია

ირმა ნადირაშვილი
ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ქართული ოცნების აქტივისტების დარაზმვა ქვეყანაში ვითარებას ვერ შეცვლის. მან სსრკ-ის ჰიმნის პარლამენტში ჩართვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყოველთვის, როცა ევროპული საქართველო საჭიროდ ჩათვლის, მორიგ აქცია-პერფომანსს დაგეგმავს და ქართულ ოცნებას დისკომფორტს შეუქმნის. 

"ქართული ოცნება ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ნამდვილ ემოციას და დადგმულ პროტესტს. გუშინ აქ მოსული ადამიანები დადგმულ პროტესტს განასახიერებდნენ, ისე, რომ წესიერად ვერც ამეცადინეს და სახელები და გვარებიც კი ვერ დაამახსოვრებინეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ დავალებით მოსულები, ამიტომ, არ შეიძლება ამ აქციების სერიოზულად აღქმა და განხილვა" - თქვა ნადირაშვილმა ქართული ოცნების აქტივისტების ევროპული საქართველოს ოფისთან მისვლაზე, რა დროსაც მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის წევრები "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეწყვეტას" ითხოვდნენ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ირმა ნადირაშვილის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა სწორედ ის არის, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტია.

"ის, როგორც ის აირჩია და დანიშნა ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა და თავად ბიძინა ივანიშვილის და მისი მასხრების არაფორმალური მმართველობა არის ინსტიტუტების შეურაცხყოფაც და სახელმწიფოს მიტაცებაც, სწორედ ამიტომ ჟღერდა საბჭოთა ჰიმნი იმ დარბაზში" - თქვა ნადირაშვილმა.

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, 18 თებერვლის სესიაზე, სადაც ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გენერალურ პროკურორად დანიშვნის კენჭისყრას აპირებდნენ, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. 

"ეს არის საბჭოთა კავშირი, ეს არის ამ ხელისუფლების ჰიმნი, ამის ფონზე უნდათ ცხოვრება, მაგრამ არ ექნებათ ამის კომფორტი - ჩვენს ქვეყანაში არ იქნება საბჭოთა კავშირი, მუდმივად ექნებათ მათ ეს დისკომფორტი" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები