გიგი უგულავას დაპატიმრება

ჰოლ ჰოლი ტვ იმედზე: რთულია ქართულ პოლიტიკაზე ისე მსჯელობა, რომ გზავნილი არ დაგიმახინჯონ

ამერიკის ხმა

"რას ვიზამთ, დღევანდელი პოლიტიკა ასეთია. იმედგაცრუებული ვარ, თუმცა არ მიკვირს" - ასე პასუხობს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ტაბულას რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის, კითხვას Facebook-ზე, რომელიც ტელეკომპანია იმედის მიერ მისი ნათქვამის დამახინჯებას ეხებოდა. 

საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჰოლ ჰოლი ამერიკის ხმას ესაუბრა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებაც განიხილა. ჰოლ ჰოლმა აღნიშნა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, თუმცა "საკითხი არა გამოძიებას, არამედ შერჩევით სამართალს" ეხება. 

"პირველ რიგში, მან სასჯელი ერთხელ მოიხადა მსგავს ბრალდებებზე. მეორე ისაა, რომ არსებობს კითხვები უზენაესი სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებმაც ეს განაჩენი გამოიტანეს და მათ კავშირზე საქმის ისტორიასთან. მესამე ისაა, რომ თავად არ ესწრებოდა სასამართლოს, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეების არგუმენტები შეფასდეს. ანუ, პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს,"- თქვა ჰოლ ჰოლმა. 

ამერიკის ხმის ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა, "თუ საქართველოს სურს დემოკრატიული საზოგადოება იყოს, როგორ ფიქრობთ, აუცილებელია, ეს დაპატიმრებები საარჩევნო წელს ხდებოდეს?", რაზეც ჰოლ ჰოლმა უპასუხა:

"ზოგადად მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. მე არ მჯერა იმ არგუმენტის, რომ იმის გამო, რომ ეს საარჩევნო წელია ვიღაც არ უნდა გამოვიძიოთ.

ყველა სასამართლო გადაწვეტილება მიღებული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გათვლის გარეშე. შეილება ზოგი გამოძიება არჩევნების წელს ჩატარდეს და შეიძლება ზოგჯერ სადავო დაპატიმრება მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი საქმის დეტალებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ კონკრეტული განაჩენის შემთხვევაში კითხვები ჩნდება. ეს არა მხოლოდ ჩემი რეაქციაა, არამედ ბევრი სხვა ადამიანის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ამერიკის კონგრესიდან, ევროპელი მაღალჩინოსნებისგან და სხვა დასაფასებელი ადამიანებისგან" - თქვა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. 

ტელეკომპანია იმედმა კი სათაურად მხოლოდ ის ნაწილი გაიტანა, სადაც ჰოლ ჰოლი ამბობს, რომ "არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, დანაშაული არ გამოვიძიოთ". 

მას შემდეგ, რაც ტაბულას რედაქტორმა ყოფილ ელჩს კონტექსტის დამახინჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ჰოლ ჰოლმა მას Facebook-ზევე უპასუხა:

"ინტერვიუები ყოველთვის შერჩევითად არის ციტირებული, მაგრამ როგორც კი ეს კონკრეტული წინადადება ვთქვი, გავაცნობიერე, რომ ეს რისკი იყო. რა თქმა უნდა, მხარი არ დამიჭერია არცერთი კონკრეტული დაკავებისთვის ან არ მითქვამს, რომ სწორი იყო გიგი უგულავას დაკავება ამ დროსა და ამ კონტექსტში, უბრალოდ, ვამბობდი, რომ ვეთანხმები იმას, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ყოველთვის არასწორი არ არის არჩევნების დროს ვინმეს დაკავება. 

ძალიან რთულია ქართულ პოლიტიკაზე ისე მსჯელობა, რომ გზავნილები არ დაგიმახინჯონ".

კომენტარები