ევროპული საქართველო

წულუკიანი ხოშტარიას წინააღმდეგ აქციაზე: პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შეწყნარების უნარი

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპული საქართველოს ოფისთან გამართულ აქციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს "აბსოლუტურად ჯდება" ადამიანის გამოხატვის თავისუფლებაში. 

წულუკიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გრძნობს, თუ არა დისკომფორტს იმის გამო, რომ მას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი იდენტობის დაფარვას სამედიცინო ნიღბით ცდილობენ. 

"ეს არის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი, მაგრამ ეს გაბედული ნაბიჯი, რომელიც ქმნის სერიოზულ დისკომფორტს, ჯდება აბსოლუტურად ადამიანის უფლებაში, გამოხატოს პროტესტი და უკმაყოფილება. ხოლო პოლიტიკოსს, რაკი მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკოსია, უნდა ჰქონდეს შეწყნარების უნარი,"- ამბობს წულუკიანი. 

ჟურნალისტებმა მას კიდევ ერთხელ გაუმეორეს შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ მალავდნენ აქციაში მონაწილე პირები სახეებს სამედიცინო ნიღბით, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ქართულ პოლიტიკაში ნიღბის ტრადიცია ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ დაამკვიდრეს. 

"ნიღბის ტრადიცია ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე დღის წინ დაამკვიდრა ორმა გოგონამ, ქალბატონმა თინამ და ქალბატონმა ელენემ,"- თქვა წულუკიანმა. 

მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, საპარლამენტო სესიაზე არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს, რასაც ყოფილი გენერალური პროკურორის ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ქართული ოცნების აქტივისტებმა ხოშტარიას რამდენჯერმე მოუწყვეს აქცია, მათ შორის 19 თებერვლის საღამოს, როდესაც ხოშტარია ერთერთ რესტორანში იმყოფებოდა. 

მამუკა მდიანარაძემ დაადასტურა აქტივისტების კავშირი ქართულ ოცნებასთან, თქვა, რომ აქციის შესახებ ის პარტიის ახალგაზრდული ფრთის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძის, მხრიდან იყო ინფორმირებული. 

კომენტარები