კომპიუტერული ტექნოლოგიები

74 წლის ასაკში, copy paste ფუნქციების შემქმნელი ლარი ტესლერი გარდაიცვალა

74 წლის ასაკში გარდაიცვალა ლარი ტესლერი, ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც საკვანძო როლი ითამაშა კომპიუტერების გამოყენების გამარტივებაში. სხვა რამეებთან ერთად, სწორედ ტესლერმა შეიმუშავა კოპირების, ამოჭრისა და ჩასმის ფუნქცია. 

ლარი ტესლერს უკავშირდება სხვა ბევრი პროგრამის შემუშავებაც, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერები საყოველთაო გამოყენების ნივთად იქცა. ლარი ტესლერი 1945 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის დამთავრებისთანავე, ტესლერი კომპიუტერული პროგრამების შემუშავებას შეუდგა. 

სილიკონის ხეობაში ტესლერი სამუშაოდ 1960 წელს გადავიდა, მაშინ, როდესაც კომპიუტერები მხოლოდ სპეციალისტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. კარიერის განმავლობაში ტესლერი რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობდა. Xerox-ში რამდენიმე წლიანი საქმიანობის შემდეგ, სტივ ჯობსმა ტესლერი Apple-ში გადაიბირა, სადაც მან 17 წელი იმუშავა. 

კოპირების, ამოჭრისა და ჩასმის ფუნქციებით პირველად 1983 წელს სწორედ Apple-ის პერსონალური კომპიუტერი Lisa აღიჭურვა. მოგვიანებით იგი ფუნქცია ჰქონდა პირველ Macintosh-საც. 

Apple-დან წასვლის შემდეგ, ტესლერმა საკუთარი შემეცნებითი სტარტაპი დაარსა, სხვადასხვა დროს იგი თანამშრომლობდა Yahoo-სთან და Amazon-თან. სილიკონის ხეობის კომპიუტერული ტექნიკის მუზეუმი ტესლერის გარდაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

"დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ლარი ტესლერს, ადამიანს, რომელმაც კოპირების, ამოჭრისა და ჩასმის ფუნქცია გამოიგონა. ტესლერმა მეცნიერისა და ამბოხებული ადამიანის ხედვა გააერთიანა, რადგანაც ფიქრობდა, რომ კომპიუტერები ყველასთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი", — წერია მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

კომენტარები