ახლო აღმოსავლეთი

დიდი დაპირისპირების ზღვარზე, რა ხდება იდლიბში - ფოტო სიუჟეტი

თებერვლის პირველი დღეებიდან მოყოლებული სირიის ჩრდილო-დასავლეთში - იდლიბის პროვინციაში დაძაბულობა ყოველწუთიერად იზრდება. სირიის ბოლო აჯანყებული ანკლავი, რომელსაც ბაშარ ასადი ვერ აკონტროლებს, აფეთქების პირასაა. 

ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთის არმიასა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის რამდენიმე სისხლიანი შეტაკება მოხდა - დაღუპულია 11 თურქი და 50-ზე მეტი სირიელი ჯარისკაცი. დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად მაინც შენარჩუნდა. ვითარება ვერ განმუხტა ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრებმაც. 

2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან, იდლიბის პროვინცია ასადის წინააღმდეგობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წერტილად იქცა. ომის საწყის ეტაპზე იდლიბს სირიის თავისუფალი არმია აკონტროლებდა. ამ წლების განმავლობაში ასადის ოპოზიცია თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობდა. თურქეთი წვრთნიდა და აიარაღებდა აჯანყებულ სირიელებს. 

2013-2014 წლებში სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების პარალელურად იდლიბშიც ინიციატივა ისლამისტმა რადიკალებმა აიღეს. განსაკუთრებით აქტიური ალ-ქაიდას სირიული დაჯგუფება ჯაბჰატ ალ-ნუსრა იყო. 2015 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთი პირდაპირ ჩაერთო სირიაში მიმდინარე კონფლიქტში, ომის მიმდინარეობა ბაშარ ასადის სასარგებლოდ შეიცვალა. 

ამ დროიდან დღემდე, სირიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის კონტროლს თითქმის მთელი ქვეყანა დაუქვემდებარა. ბოლო აქტიური ანკლავი კი სწორედ იდლიბია. ამ დრომდე იდლიბში მოქმედებენ რადიკალური დაჯგუფებები, თუმცა არა მხოლოდ ისინი. აქ ბოლო წლებში თავი მოიყარეს სირიელებმაც, რომლებიც ასადის არმიის რევანშს გაურბიან. 

ამ დროისთვის იდლიბი 3 მილიონზე მეტი დევნილის თავშესაფარია. პროვინცია თურქეთს ესაზღვრება, აქედან გამომდინარე, თურქეთი იდლიბს საკუთარი გავლენის ზონად მიიჩნევს. ამასთანავე იდლიბს თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 

სწორედ, აქ უნდა აშენდეს დროებითი თავშესაფარი მილიონზე მეტი დევნილისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს. ამ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში თურქეთს დევნილთა დიდი მასა მიაწყდება, რამაც შესაძლოა 2015-2016 წლების მსგავსი მიგრანტების კრიზისი განაპირობოს.

პრობლემური საკითხის გადაწყვეტას თურქეთი და რუსეთი წინა წლებში ორჯერ შეეცადნენ. მათ შორის გაფორმდა ასტანისა და სოჩის შეთანხმებები. გარიგების მიხედვით, იდლიბი ცხადდებოდა დემილიტარიზებულ ზონად და უნდა შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები. შეთანხმების მიუხედავად, პროვინციაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა, ხოლო პერიოდული დაძაბულობები პუტინისა და ერდოღანის შეხვედრებით წყდებოდა. 

თუმცა, როგორც ჩანს დღეს ვითარება შეცვლილია. წინა წლის დეკემბერში რუსეთის მხარდაჭერით ბაშარ ასადმა შეტევის დამაგვირგვინებელი ფაზა წამოიწყო, რომელიც რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებას გულისხმობს. ერთადერთი ძალა, რომელსაც სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება შეუძლია რუსეთია, თუმცა როგორც ჩანს მოსკოვში შებამისი ნება არ არსებობს. 

დღეს დილით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იდლიბის პრობლემის გადასაჭრელად რუსეთი გვერდზე უნდა გადგეს. ჰულუსი აკარმა არ გამორიცხა ამერიკული სარაკეტო-საზენიტო სისტემის "პატრიოტის" და რუსეთისგან შეძენილი С 400-ის სისტემის გამოყენება. ამ დროისთვის თურქეთი იდლიბში დისლოცირებული საკუთარი დანაყოფების გაძლიერებას ცდილობს და მომავალი დაპირისპირებისთვის აქტიურად ემზადება. 

ამ დროისთვის, თურქეთიდან სირიის მიმართულებით სამხედრო კოლონა მიემართება. 12 თებერვლიდან მოყოლებული, ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და თვითმხილველები სირიაში მოძრავი თურქული სამხედრო კოლონების ამსახველ კადრებს ავრცელებენ.


ფოტო: Yahya Nemah / EPA

სირიის თავისუფალი არმიის შენაერთები იდლიბში სამთავრობო არმიის პოზიციებზე შეტევისთვის ემზადებიან.

ფოტო: Yahya Nemah / EPA

თურქეთიდან მოძრავი სამხედრო კოლონაში შეინიშნება ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, დიდი კალიბრის ჭურვები და სხვა მძიმე შეიარაღება. 


ფოტო: Yahya Nemah / EPA

სირია და რუსეთი აშშ-სა და თურქეთს ისლამისტი ბოევიკების შეიარაღებაში ადანაშაულებს. სირიის რეჟიმის ცნობით, იდლიბში განლაგებული "ტერორისტული ჯგუფები" ინტენსიურად ესხმიან თავს სამთავრობო ძალებს. 


ფოტო: Yahya Nemah / EPA

20 თებერვალს, თურქეთის მხრიდან სირიის სამთავრობო ძალების მიმართულებით არტირელიური შეტევების დაწყების შესახებ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შეტევა რუსული არმიის ჩარევის შემდეგ შეწყდა. 

ფოტო: Yahya Nemah / EPA

რაც შეეხება თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის თავისუფალი არმიის წამოწყებულ შეტევებს, მის შესაჩერებლად, საბოლოოდ რუსული ავიაციის ჩართულობა გახდა საჭირო. გუშინ, 20 თებერვალს, რუსეთის ავიაციამ აჯანყებულების რამდენიმე პოზიცია დაბომბა.


ფოტო: Yahya Nemah / EPA

კომენტარები