საარჩევნო სისტემა

ბოკერია: საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები შეწყვიტეს ივანიშვილმა და მისმა კლოუნებმა

გიგა ბოკერია
ტაბულა

"მოლაპარაკებები შეწყვიტეს ივანიშვილმა და მისმა კლოუნებმა," - ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩაშლილ მოლაპარაკებებზე. ბოკერია ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება შეასრულებს დანაპირებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და პოლიტიკურ დევნას შეწყვეტს, ოპოზიცია მონდომებულია, რომ ვითარება განიმუხტოს, თუმცა ოპოზიცია ცუდი სცენარისთვისას მზად არის.  

"ქვეყნის და ამ მოლაპარაკების პრობლემა არის ივანიშვილი და მისი კლოუნები. თუ გადადგამენ იმ ნაბიჯს, რასაც დაპირდნენ საზოგადოებას და შემდეგ უტიფრად გადააგდეს და თუ შეწყვეტენ პოლიტიკურ დევნას, რასაც მოელის მათგან, მათ შორის, თავისუფალი სამყარო, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ვითარება განიმუხტოს. ოღონდ არა საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე," - ამბობს ბოკერია. 

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ისინი ცალ-ცალკე შეხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ბოკერია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი იმავე აზრზე დარჩება, რადგან მათ იციან, თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა. 

"თუ ვინმეს უნდა ვინმეს ინდივიდუალურად შეეხმიანოს და უთხრას რამე სიახლე ან ძველი ამბავი, ამაში ვერანაირ არსებით საკითხს ვერ ვხედავ, ან პრობლემას. რა მნიშვნელობა აქვს ცალკე შეეხმიანები ვინმეს, თუ ერთად. თუ ვინმეს აქვს სურვილი, ცდუნება, ან პოლიტიკური წინდაუხედაობა ქართული საზოგადოების დაკვეთას ზურგი აქციოს, ამის პოლიტიკურ ფასს ის გუნდი გადაიხდის," - ამბობს ბოკერია. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. 

ბოლო, მეოთხე რაუნდზე ხელისუფლებამ მათ მანდატების 100/50 პრინციპით გადანაწილება შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არ დათანხმდა და ახლა შემოთავაზებას მმართველი პარტიისგან ელის. 

თუ ხელისუფლება ბოლო შეთავზებას არ შეცვლის, ოპოზიცია ამ სცენარისთვისაც ემზადება და ამბობენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს გადაინაწილებენ და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საკვანძო ოლქებში იქნება ოპოზიციის ერთი კანდიდატი ქართული ოცნების წინააღმდეგ. 

კომენტარები