კორონავირუსი

იმნაძე: კორონავირუსი არ არის ისეთი საპანიკო, როგორი დამაშინებელი ინფორმაციაც ისმის

ტვ. პირველი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებით ამბობს, რომ დაავადება არ არის ისეთი საპანიკო, როგორი დამაშინებელი ინფორმაციაც ისმის. მისი თქმით, ვირუსი სასიკვდილო არ არის, თუმცა გავრცელების ტემპების გამო, "დიდი სიფრთხილეა საჭირო".

პაატა იმნეძე ამბობს, რომ ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში გავრცელების შემთხვევები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები და რამდენად შეძლებენ ვირუსის შეკავებას. იმნაძის თქმით, ირანში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, რისკი და მზაობა მეტია, რომ საქართველოშიც გამოჩნდეს დაავადებული. იმნაძე ამბობს, რომ "ყოველთვის მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, მაგრამ აქვე მოსახლეობის თვითშეგნება". 

"სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში. ირანის შემთხვევები ჩვენ დამატებით რისკის ზონად გვაქცევს, იმიტომ, რომ ირანი უკვე მეზობელი ქვეყანაა და საკმაოდ დიდი ურთიერთობები გვაქვს.... ირანში როგორ განვითარდება სიტუაცია, ამას გვიჩვენებს, როგორი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში ინფორმაცია, როგორი იქნება გახსნილობა, რას გააკეთებენ კოლეგები ამ ქვეყანაში. მათ აქვთ საკმაოდ მძლავრი სიტემა, დიაგნოსტიკის თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგი აქვთ, მაგრამ მთავარია ღიაობა და როგორ აჩვენებენ ისინი მთელ მსოფლიოს თუ რას აკეთებენ ადგილზე იმისათვის, რომ იქ მოახდინონ ვირუსის მაქსიმალური შეკავება"- ამბობს იმნაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. მისი თქმით, პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროც აქტიურად არის ჩართული და "ყველაფერი კონსულტაციების დონეზე წყდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის".

"2005 დაღუპულზე უკვე 25 ათასი გამოჯანმრთელებული მოდის. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არ არის ასეთი საპანიკო, სასიკვდილო დაავადება, როგორც ისმის ხოლმე ასეთი დამაშინებელი ინფორმაცია. დაავადება ახალია და აქედან გამომდინარე, მასზე ბევრი რამე არ არის ცნობილი, მაგრამ ლეტალობა აქვს დაახლოებით პანდემიური გრიპივით, რომელიც 2009-10 წლებში გავრცელდა დედამიწაზე და მით უმეტეს თუ გავითვალიწინებთ, რომ მსუბუქი შემთხვევების დიაგნოსტიკა ბოლომდე არსად არ ხდება"- აღნიშნა მან. 

დღეს, NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თხოვა, ნუ უწოდებენ კორონავირუსს სასიკვდილო და მკვლელ ვირუსს. მან მედიას მოუწოდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. მისი თქმით, დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით დაავადების 72 000 შემთხვევა აქვს გაანალიზებული.

24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი - 12 ადამიანი ირანში გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები 23 თებერვალს შეზღუდა. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ამ ეტაპზე გადაადგილებისთვის რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვას.

კომენტარები