კორონავირუსი

"ჩინელ მგზავრს სურდო ჰქონდაო" - მგზავრების პანიკის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი გაჩერდა

მთავარი არხი

თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომელიც 18:00 საათზე უნდა გასულიყო, ამ დრომდე სადგურშია. მიზეზი მგზავრების პანიკა გახდა, რადგან ვაგონში, მათი თქმით, ჩინეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

საქართველოს რკინიგზაში ტაბულას უთხრეს, რომ მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან "ჩინელებს ჰქონდათ სურდო".

"იყვნენ ჩინელები და ჰქონდათ სურდო, ახველებდა და აცემინებდაო. ამიტომ შეშინდნენ, ზოგს პატარა ბავშვები ჰყავს მატარებელში, იცით ხო იქ როგორი სიტუაციაა, ვენტილაცია, მატარებლით მგზავრობა ალბათ 5 საათი გაუჭირდებოდათ ასეთ ადამიანთან. გამოიძახეს საპატრულო და სასწრაფო, ახლა მოვიდნენ ექიმები", - ამბობენ რკინიგზის პრესსამსახურში.

კითხვას, რატომ გადაწყვიტეს, რომ მგზავრების მოთხოვნით მატარებელი გაეჩერებინათ, კომპანიაში პასუხობენ, რომ თუ მგზავრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ვალდებული არიან მატარებელი გააჩერონ. ტაბულას რეპლიკას, რომ დახმარება არ უთხოვია უშუალოდ იმ მგზავრს და მატარებლის გაჩერება მოითხოვეს სხვებმა, პრესსამსახურში ასე პასუხობენ:

"ამ ხალხს არ უნდოდა ალბათ ემგზავრა ისეთ ადამიანებთან, ვინც ახველებს და აცემინებს, მით უმეტეს ასეთ პერიოდში".

ტაბულამ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელს ჰკითხა, ის, რომ მგზავრების ნაწილს არ უნდა გადაადგილება კონკრეტულ ადამიანთან ერთად, რამდენად არის მატარებლის გაჩერების საფუძველი. კითხვას კითხვითვე უპასუხეს:

"როგორ უნდა მოვიქცეთ?".

ტაბულა დაინტერესდა როგორია სტანდარტი, რა წესებით ხელმძღვანელობს რკინიგზა, როცა ერთ ან რამდენიმე მგზავრს კონკრეტულ ადამიანთან ერთად მგზავრობა არ სურს.

"არ უნდაზე არ არის რა, აქ არის პრევენციული ზომები, რადგან არის ასეთი სიტუაცია და მსოფლიოში ასეთი მდგომარეობაა. არ მინდა ამასთან მგზავრობა და გაჩერდეს მატარებელი, ეგრე არ არის. რადგან გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ერთი და ორი ადამიანის მოთხოვნა არ იყო, უმრავლესობის მოთხოვა იყო, ამიტომ გავაჩერეთ", - ამბობენ პრესსამსახურში.

მატარებელი თბილისიდან ამ დრომდე არ გასულა. სხვადასხვა მედიაში ვრცელდება მგზავრების ქსენოფობიური კომენტარები. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება. საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მგზავრობასთან დაკავშირებით ექიმების პასუხის შემდეგ მიიღებენ.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს ახალი ვირუსის აღმოჩენა დადასტურდა. ვირუსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთის მოქალაქეები მიმართ ქსენოფობიური განწყობები გააძლიერა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამო, სტიგმა და დისკრიმინაცია საქართველოშიც გაჩნდა. ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კი ჟურნალისტებს სთხოვს, ნუ უწოდებენ კორონავირუსს სასიკვდილო და მკვლელ ვირუსს. მან მედიას მოუწოდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. მისივე თქმით, უმრავლეს შემთხვევაში, კორონავირუსით დაავადებული ადამიანები სრულად ჯანმრთელდებიან.

24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი - 8 ადამიანი - ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები