კორონავირუსი

იმნაძე: ქსენოფობიის პროპაგანდისტმა მედიამ ჩინეთის მოქალაქეები ბულინგის მსხვერპლად აქცია

რუსთავი 2

"უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან" - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მგზავრების პანიკის გამო, თბილისი-ბათუმის მატარებლის გაჩერებას. რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა. მათი მტკიცებით, ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. 

"ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენოფობიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია" - წერს იმნაძე Facebook-ზე.

თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომელიც 18:00 საათზე უნდა გასულიყო, ამ დრომდე სადგურშია. მიზეზი მგზავრების პანიკა გახდა, რადგან ვაგონში, მათი თქმით, ჩინეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

საქართველოს რკინიგზაში ტაბულას უთხრეს, რომ მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან "ჩინელებს ჰქონდათ სურდო".

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს ახალი ვირუსის აღმოჩენა დადასტურდა. ვირუსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთის მოქალაქეები მიმართ ქსენოფობიური განწყობები გააძლიერა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამო, სტიგმა და დისკრიმინაცია საქართველოშიც გაჩნდა. ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კი ჟურნალისტებს სთხოვს, ნუ უწოდებენ კორონავირუსს სასიკვდილო და მკვლელ ვირუსს. მან მედიას მოუწოდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. მისივე თქმით, უმრავლეს შემთხვევაში, კორონავირუსით დაავადებული ადამიანები სრულად ჯანმრთელდებიან.

24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი - 8 ადამიანი - ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები