ევროსაბჭოს მინისტერიალი

აბაშიძე: მინისტერიალი ისე ჩატარდება, რომ კანონსაც ვცემთ პატივს, ვალდებულებებსაც შევასრულებთ

ტაბულა

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოს მინისტერიალზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ თემის ირგვლივ "ნამდვილად არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟი" და ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის. 

ევროსაბჭოს მინისტერიალი მაისის დასაწყისშია ჩანიშნული და მისი ჩატარება თბილისში იგეგმებოდა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ შესაძლოა, ამ ღონისძიების ფარგლებში საქართველოში რუსეთის დელეგაციის ეგიდით ისეთი პირები შემოვიდნენ, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მინისტერიალის თბილისში ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

"ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს და შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებსაც. ეს არის ორი პრინციპი, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,"- ამბობს ზურაბ აბაშიძე. 

კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი, სად ჩატარდება მინისტერიალი, აბაშიძე პასუხობს, რომ ეს საკითხი დღის ბოლომდე გადაწყდება და "რაღაცნაირად ერთი დღე უნდა მოვითმინოთ". 

იმის შესახებ, რომ მინისტერიალის ჩატარების ქვეყნის შესახებ ცნობილი 26 თებერვალს გახდება, ერთი დღით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც, ისაუბრა. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, განიხილება, თუ არა ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება თბილისის ნაცვლად. 

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

კომენტარები