თურქეთი-რუსეთი-სირია

პუტინმა და ერდოღანმა სირიაში მომხდარი თავდასხმა სატელეფონო საუბარში განიხილეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი
Euractiv

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში მიმდინარე მოვლენები სატელეფონო საუბარში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ავრცელებს. ლავროვის თქმით მხარეები მზად არიან იდლიბის პროვინციაში კოორდინაცია გააგრძელონ.

კრემლის განცხადების მიხედვით პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ სიტუაციის განსამუხტად დამატებითი ზომების მიღებაზე, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა ზომები იგულისხმება ამაში.

სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტები სირიის საკითხის განსახილველად შეხვედრის ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

სატელეფონო საუბარი მათ შორის მას შემდეგ შედგა, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა და კიდევ 32 დაიჭრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რუსეთს ამ დროს საჰაერო დარტყმები არ განუხორციელებია, სირიის სამთავრობო ძალები ამბოხებულების მიმართულებით ისროდნენ და თურქეთს იმ ტერიტორიაზე საკუთარი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ინციდენტის შესახებ გაიგეს თურქეთის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის სირიის ძალებს მოუწოდეს თავდასხმის შეჩერებისაკენ, რათა თურქეთს დაჭილთა ევაკუაცია მოეხდინა.

თურქეთმა თავდასხმას ასადის ძალების პოზიციებზე დარტყმებით უპასუხა. თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-მა. ბრიუსელში თურქეთის თხოვნის სირიის საკითხზე კონსულტაციისათვის NATO-ს ელჩები შეიკრიბნენ.

პარალელურად რუსეთი სირიის სანაპიროსთან ორ სამხედრო ხომალდს გზავნის. 

კომენტარები