კორონავირუსი

ინფექციურის დირექტორი: დაინფიცირებული ქალის მდგომარეობა კარგია, მას არანაირი ჩივილი არ აქვს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს.

"ახლახან მოვიდა გამოკვლევის პასუხი. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, უფრო სწორად, კარგია, არანაირი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება აქვს, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაავადებულია Covid 19-ით" - თქვა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ორივე პაციენტი დაავადების დადასტურების მომენტში უსიმპტომოდ იყო.

"ეს ძალიან სერიოზულია. რომ არ ყოფილიყო მაღალი სიფხიზლე ამ პაციენტების მიმართ და აქ არ მოეყვანათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, ისინი არ მოხვდებოდნენ ჩვენთან და დიდი ალბათობით, გაავრცელებდნენ ინფექციას, რადგან არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციის სინდრომები" - თქვა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოს ორ მოქალაქეს აქვს კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული, ერთი 50 წლის კაცია, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეორე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე პაციენტს აუღეს ლაბორატორიული სინჯი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დადასტურდეს.

კომენტარები