საარჩევნო სისტემა

უსუფაშვილი "ოცნებაზე": არის იმედი, რომ ორ დღეში შევთანხმდებით, ცოტ-ცოტა ყველამ უნდა დათმოს

ტაბულა

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ქართული ოცნების შეთავაზების შედეგად, არის იმედი, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნეს მიღწეული.

ეს განცხადება უსუფაშვილმა გერმანიის ელჩთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც, ქართული ოცნების მტკიცებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ იდეებზე იმსჯელეს, რომელიც, შესაძლოა, შეთანხმების საფუძველი გახდეს. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ცოტ-ცოტა დათმობა ყველა მხრიდან საჭიროა.

"ამისთვის მეც და ძალიან ბევრიც, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა, არის ობიექტური წინააღმდეგობები, იმიტომ რომ ბოლო 10 დღემდე ხელისუფლების მხრიდან მაინც და მაინც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა. ახლა ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ცოტ-ცოტა დათმობა ყველას მხრიდან არის საჭირო," - თქვა დავით უსუფაშვილმა.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ახალი იდეები წარადგინეს. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი იდეები იძლევა საშუალებას, "მაგალითად, გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში". დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი შეთანხმების მიღწევის საფუძველს იძლევა.

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართ 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. ანუ, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება და თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამას 130/20 უზრუნველყოფს, ანუ პარლამენტის მანდატების იმგვარად განაწილება, რომ 130 დეპუტატი იყოს საარჩევნო სიით, ხოლო 20 მაჟორიტარი. ხელისუფლება ამას ამ დრომდე არ თანხმდება.

კომენტარები