ახლო აღმოსავლეთი

აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს - ხელმოწერის ცერემონია კატარის დედაქალაქ დოჰაში რამდენიმე საათის წინ შედგა. 

ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ის ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. გარიგება ითვალისწინებს ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას, ხელმოწერის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. 

მოლაპარაკებები მხარეებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, სწორედ დოჰაში მიმდინარეობდა.

აშშ-ის მხრიდან გარიგებას ხელი ავღანეთის, ინდოეთისა და პაკისტანის სპეცწარმომადგენელმა დალმაი ხალილზადმა მოაწერა. ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.

აშშ-მა ავღანეთში სამხედრო ოპერაცია 2001 წლის 11 სექტმებრის ტერაქტიდან მალევე დაიწყო. 

თალიბანი დეკემბრიდან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, დალმაი ხალილზადთან კატარში მოლაპარაკებებს აწარმოებს და ღანის მთავრობასთან საუბარზე უარს ამბობს, რადგან მათ დასავლეთის მარიონეტებად მიიჩნევენ.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად თალიბანის მხრიდან, რომელიც ავღანეთის ტერიტორიის 40%-ს აკონტროლებს, თავდასხმები არ წყდება.

გასული წლის სექტემბრის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიიღწა შეთანხმება 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა მაშინ ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

მაშინდელი შეთანხმების თანახმად, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

ნოემბერში, ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ, კი თალიბანის სპიკერმა ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა თქვა, რომ მზად იყვნენ აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

კომენტარები