საარჩევნო სისტემა

ბურჯანაძე: საზოგადოებამ იცის, ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი პროპორციულობა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების შეთავაზებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ახლა ნამდვილად არის მზაობა და სურვილი გამოსავლის საპოვნელად.

ეს განცხადება მან გერმანიის ელჩთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც, ქართული ოცნების მტკიცებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ იდეებზე იმსჯელეს, რომელიც, შესაძლოა, შეთანხმების საფუძველი გახდეს.

"მე პირადად ამას პოზიტიურად ვაფასებ. კარგი იყო, აქამდე არ მისულიყო საქმე და არ ჩაეგდო ქართულ ოცნებას პროპორციული არჩევნების შესახებ კანონი, მაგრამ ახლა გამოსავლის ძიება გამოსავლის პოვნის საწინდარია. [...] ამაზე შეთანხმება არის, რომ 40% თუ ვერ აიღებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, მან მთავრობის დაკომპლექტება ვერ უნდა შეძლოს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თემა. ჩვენ ძალიან კარგად ავხსენით და მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს პროპორციულობა, ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რომელია ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელზეც ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ", - თქვა ბურჯანაძემ.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ახალი იდეები წარადგინეს. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი იდეები იძლევა საშუალებას, "მაგალითად, გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში". დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი შეთანხმების მიღწევის საფუძველს იძლევა.

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართ 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. ანუ, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება და თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამას 130/20 უზრუნველყოფს, ანუ პარლამენტის მანდატების იმგვარად განაწილება, რომ 130 დეპუტატი იყოს საარჩევნო სიით, ხოლო 20 მაჟორიტარი. ხელისუფლება ამას ამ დრომდე არ თანხმდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები