ევროპარლამენტარების წერილი

26 ევროპარლამენტარი ოცნებას: დაჟინებით მოგიწოდებთ, მიიღოთ ზომები პროპორციული არჩევნებისთვის

europarl.europa.eu

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარებისგან წერილი მიიღო, სადაც ისინი დაჟინებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად. 

წერილს, რომელიც გახარიას მწვანეთა პარტიის ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, გაუგზავნა, მწვანეების გარდა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და ევროპის განახლების პარტიის წევრი 26 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. 

"საქართველო, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელმომწერი, ევროკავშირის დიდხნიანი პარტნიორია თავისი უნიკალური ადგილით ევროპულ სამეზობლოში. 

ამავდროულად, ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, როგორც საქართველოს ნამდვილი მოკავშირეები გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების კუთხით საქართველოს უკუსვლაზე. 

დასანანია, რომ საკონსტიტუციო შესწორებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ოქტომბერში არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო, ჩავარდა. შეშფოთებულები ვართ იმ როლით, რაც მმართველმა პარტიამ ითამაშა ამ ჩაგდებაში. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია იმ სტატუს კვოს შედეგია, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების წახალისებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს და იმედი გვაქვს, რომ საკითხები დროულად გადაიჭრება. საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოვუწოდებთ, მიიღოს დაპირებული ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდგომი დაყოვნებების გარეშე.

ვგმობთ 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებას და დიდი რაოდენობით ადამიანების დაშავებას. მშვიდობიანი პროტესტის დასაშლელად ძალის გადამეტება მიუღებელია. სამოქალაქო საზოგადოება მთავრობაზე მეთვალყურეობის არსებითი ნაწილია. 

მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ბოლო შერჩევისა და დანიშვნის პროცესი საკმარისად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული არ იყო. ადამიანების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არსებითია და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ მოსამართლეების დანიშვნა, ვინც მაღალ პროფესიულ და რეპუტაციულ სტანდარტს აკმაყოფილებს

სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის დასასრულებლად აუცილებელია აქამდე მიღწეული შედეგების კონსოლიდაცია. როგორც ჩანს, პოლიტიკური გავლენა მართლმსაჯულებაზე იზრდება, თუ მხედველობაში მივიღებთ პარტიის თავმჯდომარის მუქარას, რომელიც ოპოზიციას ციხეში ჩასმით დაემუქრა, ხელახლა გაიხსენა რა მივიწყებული საქმეები და მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაშია.

აღსანიშნავია, რომ ბატონი გიგი უგულავას საქმე აღძრავს კითხვებს იმ პროცედურების, დროისა და მოტივაციის შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უკან დგას. 

ჰიბრიდულ ომში საქართველო ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორი. ამასთან, სამთავრობო წყაროების დაკავშირება დეზინფორმაციულ კამპანიებთან, რაც Facebook-ის მიხედვით, სოციალურ ქსელში ათასობით ყალბ გვერდსა და ჯგუფს მოიცავდა, განსაკუთრებით იმედის გამაცრუებელია.

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი იყო და ყოველთვის აჩვენებდა სერიოზულ ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სერიოზულად მოეკიდონ ამ წერილს და მოაგვარონ ეს პრობლემები ქართველი ხალხის გამო. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ პროცესებში და ველით უფრო ძლიერ პარტნიორობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომავალში,"- წერია წერილში.

 


წერილს ხელს აწერენ: მარკეტა გრეგოროვა (მწვანეები), მარსელ კოლაია (მწვანეები), მიკულაშ პეკსა (მწვანეები), პატრიკ ბრეიერი (მწვანეები), ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები), სარა უინერი (მწვანეები), ანა კავაცინი (მწვანეები), რეინჰარდ ბუტკოფერი (მწვანეები), ტატიანა ჟდანოკა (მწვანეები), მარგრეტ აუკენი (მწვანეები), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია), მიქაელა შოიდროვა (ევროპის სახალხო პარტია), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტია), რასა იუკნევიჩიენე (ევროპის სახალხო პარტია), ფულვიო მარტუშიელო (ევროპის სახალხო პარტია), მირიემ ლექსმენი (ევროპის სახალხო პარტია), რაფაელ გლიუკსმანი (სოციალ-დემოკრატები), ერიკ ანდრიუ (სოციალ-დემოკრატები), პიერ ლარუტი (სოციალ-დემოკრატები), ჯიტე გიუტლანდი (სოციალ-დემოკრატები), სილვი გიიომი (სოციალ-დემოკრატები), ნორა მებარეკი (სოციალ-დემოკრატები), აურორა ლალუქი (სოციალ-დემოკრატები), პეტრას აუსტევიჩიუსი (ევროპის განახლების პარტია), კარენ მელჩიორი (ევროპის განახლების პარტია), იანა ტუმი (ევროპის განახლების პარტია). 

კომენტარები