კორონავირუსი

ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს

ჩრდილოეთ იტალიაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს.

ლომბარდიის რეგიონის, ასევე 14 სხვა ცენტრალური და ჩრდილოეთ პროვინციის მაცხოვრებლებს ტერიტორიაზე შესასვლელად ან დასატოვებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ზომები ეხება მილანსა და ვენეციასაც.

დაკეტილია სკოლები, მუზეუმები, კინო და სავარჯიშო დარბაზები, საცურაო აუზები,  სათხილამურო კურორტები, გაუქმდა ყველა საჯარო ღონისძიება, ქორწილები, დასაფლავების ცერემონიები.

რესტორნებსა და კაფეებს მუშაობის უფლება 06:00-დან 18:00 საათამდე აქვთ, თუმცა მათი სტუმრები ერთმანეთისგან სულ მცირე ერთი მეტრის დაშორებით უნდა ისხდნენ.

კარანტინის ზონაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ, მაქსიმალურად ეცადონ, სახლებში დარჩნენ. კარანტინის წესების დარღვევას შესაძლოა სამთვიანი პატიმრობა მოჰყვეს.

ამჟამინდელი გეგმით მკაცრი ზომები 3 აპრილამდე იმოქმედებს.

იტალიას კორონავირუსით ყველაზე მეტი დაავადებული ჰყავს ევროპაში. 7 მარტს ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად, 1200-ზე მეტი შემთხვევით, მოიმატა. ამ დროისთვის დაინფიცირებულთა რაოდენობა 5000-ს აჭარბებს.

ვირუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში გარდაიცვალა 230-ზე მეტი ადამიანი, ამათგან 50-ზე მეტი მხოლოდ ბოლო 24 საათში.

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავიუსის 106 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა რიცხვი 3600-ს აღწევს, გამოჯამრთელდა 60,200-ზე მეტი დაავადებული.

 

კომენტარები