კორონავირუსი

როგორია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

WLFI

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 21 ანალიზიდან ყველა უარყოფითია. კიდევ 8 ტესტის პასუხს გვიან ღამით ან ხვალ დილით ელოდებიან. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. 1 პაციენტი საჩხერეში მკურნალობს, 14 - თბილისში. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ოთხ მათგანს ფილტვების ანთება აქვს. აქედან ერთს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ხოლო ორის - საშუალო სიმძიმის. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ვინც საჩხერეშია, მისი მდგომარეობა კარგია. არავითარი ჩივილი არ აღენიშნება, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაცია და იქ მდგომარეობა არის სტაბილურად კარგი. არავითარი გადახრა ჯერჯერობით არ აღენიშნება. მაგრამ მე სულ გეუბნებით, რომ ამ დაავადებას აქვს ვერაგი თვისება - გრიპისგან განსხვავებით, იწყება ხშირად მსუბუქად და შემდეგ მძიმდება. ჩვენთან მისი ეს თვისება იწყებს რეალიზებას.

გეუბნებოდით, რომ ერთი პაციენტი იყო შედარებით მძიმედ და ის რჩება ისევ შედარებით მძიმედ. თუმცა, მას არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის კურსი, იმიტომ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები არ არის დარღვეული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პაციენტი გამოჯანმრთელდება.

კიდევ სამ პაციენტს აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება, მათგან ერთის მდგომარეობა კარგია, დამაკმაყოფილებელია, გამოჯანმრთელებისკენ მიდის, ხოლო ორის - საშუალო სიმძიმის. ეს არ არის დაკავშირებული რაიმე საფრთხესთან, კონტროლირებადია და მათ გამოჯანმრთელებაშიც ეჭვი არ გვეპარება.

რაც შეეხება დანარჩენ 10 პაციენტს, მათი მდგომარეობა მსუბუქია. აქვთ სხვადასხვა ტიპის მცირე გადახრები - ტემპერატურის მომატება 37-37.5, ხველა, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, გარკვეული გადახრები სისხლის საერთო ანალიზში, რომელიც დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის" - თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 ადამიანიდან ორი ირანიდან შემოვიდა, 12 კი, იტალიიდან ჩამოსული ან მათთან კონტაქტში მყოფი პირია. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, პაციენტი საქართველოში მადრიდიდან ჩამოფრინდა, თუმცა, მას კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე არ იციან, ეს ესპანეთის შემთხვევად უნდა ჩაითვალოს თუ იტალიის. 

კომენტარები