ეკონომიკური დანაშაული

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებისთვის 5 პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

iStockPhoto

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის 5 პირს სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიაინის მოტყუებით მიყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გამო სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი მტკიცებულებები და ბ.ც., პ.გ., კ.ნ., მ.გ. და მ.ტ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა 2018-2019 წლებში, სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შეიქმნეს და გამოიყენეს დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლა, რითაც გადაუხდელი გადასახადის სახით 36 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა ასევე მიუთითებს, რომ საგადასახადო თაღლითობის სხვა მსგავსი ფაქტების გამოსავლენად სამართალწარმოება გრძელდება.

"დღეის მდგომარეობით, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და საერთო სასამართლოების სისტემაში იხილება 84 პირის ბრალდების ათეულობით საქმე, 29 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიუღებელი გადასახადის სახით მიყენებული ზიანიდან ანაზღაურებულია დაახლოებით 6 მილიონი ლარი. საგადასახადო თაღლითობის სხვა მსგავს ფაქტებზე რეაგირების, დანაშაულებრივად დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების გასატარებლად სამართალდამცავ სისტემებში გამოძიება გრძელდება", - აცხადებს უწყება.

კომენტარები