კორონავირუსი

იმნაძე: შეიძლება, საჭირო გახდეს მეტი შეზღუდვა - 100-კაციანი ქორწილების, ქელეხების, თავყრილობების

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, რაღაც ეტაპზე, შესაძლოა, ქვეყანაში მეტი შეზღუდვა დაწესდეს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იმნაძემ თქვა, რომ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს რჩევა მისცეს, რომ "სისტემების მზადყოფნის გარდა, მოსახლეობა უნდა მოემზადოს", რადგან "რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები".

"მაგალითად, ეს არის პირველ რიგში ასკაციანი ქორწილები, ქელეხები, ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის. დადგება მომენტი, როცა ეს შეიძლება, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ შემზადებულები, რომ დიდი თავყრილობები აკრძალოს მთავრობამ.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ იმ სიტუაციამდე, როგორამდეც მივიდა ზოგიერთი ევროპის ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდომოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე" - თქვა იმნაძემ.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ეს ნიშნავს, როდესაც ეპიდემია რამდენიმე კონტინენტზე ან მთელ მსოფლიოში ვრცელდება. კორონავირუსი ამ დროისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, მთელ ევროპაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. 12 მარტს საქართველოს მთავრობამ საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი გაამკაცრა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. პრემიერის თქმით, 14-დღიან კარანტინს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან ჩამოსული მგზავრებიც გაივლიან. აქამდე ეს რეჟიმი მოქმედებდა ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან ჩამოსული ადამიანებისთვის.

საქართველოში პირველ აპრილამდე სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ყველა კერძო და საჯარო დაწესებულებაში.

კომენტარები