ეკონომიკა

300 მილიონით გაზრდილ ხარჯებს მთავრობა სავარაუდოდ ახალი ვალით დააფინანსებს

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სამთავრობო ანტი-კრიზისული გეგმის წარდგენისას, იმ რესურსებზე ისაუბრა, რომლითაც მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებას გეგმავს. 

მაჭავარიანის თქმით, მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია, თუმცა ეს ბიუჯეტიდან თანხების პირდაპი გამოყოფას არ გულისხმობს. მინისტრი ამბობს, რომ ამაში შედის ორი გადასახადების დროებით შეჩერება ტურისტული სექტორისთვის, დასაბრუნებელი დღგ-ების გაორმაგება და ასევე, სასტუმროებისთვის საპროცენტო განაკვეთის მომსახურება. 

რაც შეეხება მთავრობის გეგმას 300 მილიონი ლარით გაზარდოს ინფრასტრუქტრული ხარჯები, როგორც ჩანს ამ ვალდებულების დაფინანსება ახალი ვალიდან მოხდება.

"ჯამში, მთავრობის დამატებითი ხარჯი თუ დროებით შეჩერებული გადასახადი ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოოდ იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით დაგენერირდება, რომელიც პოსტ-კრიზისულ პერიოდში იქნება და იმედი გვაქვს, რომ იქნება. ეს ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ საბოლოოდ ეკონომიკა დაუბრუნდეს განვითარების ორგანულ ნიშნულს, ეს არის 5%-იანი ზრდის მიდამო. მოკლე ვადაში იქნება გაზრდილი დეფიციტი, ან, გაზრდილი ვალი, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართულმა ეკონომიკამ უნდა დააგენერიროს ის სტიმული, რომელსაც ჩვენ ამ მოკლევადიან პერიოდში ვხედავთ", — განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ მომავალ კვირაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვიდეო-კონფერენციას გამართავს. "სამშაბათს ალბათ გვექნება ერთობლივი ჩართვა, ვიდეოკონფერენცია სავალუტო ფონდთან, გავაცნობთ ჩვენს პოზიციებს , მოვისმენთ მათ შეფასებას როგორც გლობალური ეკონომიკის, ასევე საქართველოს ეკონომიკის კუთხით",— ამბობს მაჭავარიანი. 

დღეს ცნობილი გახდა მთავრობის მიერ შედგენილი ანტი-კრიზისულ გეგმა. სწორედ ამ გეგმის მეშვეობით უნდა მოხდეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირება და ეკონომიკის სტიმულირება. 

მთავრობის გეგმა ითვალისწინებს ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეჩერებას ოთხი თვის ვადით, ასევე, კომპანიებისთვის დასაბრუნებელი დღგ-ს გაორმაგებას 1,2 მილიარდ ლარამდე, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის მომსახურებას და 300 მილიონი ლარით გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯებს. 

მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს პროექტები რეგიონებში განხორციელდება.

კომენტარები