ეკონომიკა

რა ელის ეკონომიკას კორონავირუსის კრიზისის პირობებში და რას გეგმავს მთავრობა

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ თემაზე საუბრისას დარგის ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემია ისტორიაში პირველია, რომელიც კონტროლს ექვემდებარება, ახალი დაავადება მის წინამორბედებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად ლეტალურია.

დაავადებამ კიდევ უფრო დაამძიმა გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა. Covid-19-ის უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ აქტიურობაზე ფართო გავრცელების პირველივე დღეებიდან გამოვლინდა. პესიმისტური ეკონომიკური პროგნოზები თებერვლის ბოლო კვირაში მომრავლდა, რადგან ეს კვირა მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟებისთვის ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი ვარდნით დასრულდა. 

კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნებმა შეზღუდვები დააწესეს. წინა კვირაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის [OECD] კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა განახევრდეს. 

გამოქვეყნდა Bloomberg-ის მიერ მომზადებული დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ყველაზე ცუდ სცენარში გლობალური ეკონომიკის დანაკარგი 2,7 ტრილიონ დოლარს, ხოლო ეკონომიკური ზრდა 0-ს გაუტოლდება. 

შექმნილ ვითარებაში გამონაკლისი ვერ იქნება საქართველოც, რომელიც ღია ტიპის საბაზრო ეკონომიკაა და აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში. ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე გლობალურ ეკონომიკაში განვითარებული მოვლენები საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლოა ბოლო წლების ყველაზე მწვავე გამოწვევად იქცეს.

გაუარესებელი მოლოდინების ფონზე, ბოლო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 17 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით - 25 თეთრით გაუფასურდა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება - 2.9442 ლარია.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი საგარეო მოთხოვნა იყო. პანდემიის პირობებში კი სწორედ საგარეო მოთხოვნა დგას ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ. 

საქართველოს ეროვნულ შემოსავალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ ფულად გზავნილებს და ტურიზმის ინდუსტრიას. ამ სექტორების კომბინირებული წილი მშპ-ში დაახლოებით 15%-ია. გასულ წელს ამ დარგებიდან საქართველომ შემოსავლის სახით თითქმის 5 მილირდი დოლარი მიიღო.

ჩამოთვლილი საფრთხეების ფონზე მოსადნელია ლარის გაუფასურება, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს ისედაც მაღალი ინფლაცია. ეჭვგარეშეა, რომ შემცირდება ეროვნული შემოსავალი, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში. უკვე მოცემულობაა ისიც, რომ ვერ შესრულდება ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი

ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკისთვის ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ მშპ-ში ტურიზმის სექტორის წილით  საქართველო მსოფლიოს მოწინავე პოზიციებზეა. დარგი გამოირჩევა მაღალი დასაქმებით. ადგილობრივი ეკონომიკისთვის ტურიზმი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, რომელიც სავაჭრო სალდოს შემცირებაში გამოიხატება. 

ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებებისა და შესაბამისად ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით. ამას ადასტურებს ტურისტული ინდუსტრიიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღებული შემოსავალიც.

წლების მიხედვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2015 წელი — $1,8 მილიარდი, წილი მშპ-ში — 6,7%;
  • 2016 წელი — $2,1 მილიარდი, წილი მშპ-ში — 6,7%;
  • 2017 წელი — $2,7 მილიარდი, წილი მშპ-ში — 6,9%;
  • 2018 წელი — $3,2 მილიარდი, წილი მშპ-ში — 7,6%;
  • 2019 წელი — $3,2 მილიარდი, წილი მშპ-ში — 

2020 წელი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის შთამბეჭდავი ზრდით დაიწყო. გაიზარდა როგორც ტურისტების, ასევე, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც. იანვარში საქართველომ ტურიზმიდან 193 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატობოდა.

კორონავირუსის უარყოფითი გავლენა თებერვალშივე გამოიკვეთა. გასულ თვეში ტურისტების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა შემცირდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. ჯერჯერობით უცნობია თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალის ოდენობა. 

მსოფლიოში Covid-19-ის ფართო გავრცელების გამო, თებერვალში 15 უმსხვილესი ტურისტული მიმართულებებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა ქვეყნების მესამედში შემცირდა: რუსეთიდან — 25%; სომხეთიდან — 18%; ირანიდან — 8,7%; ფილიპინებიდან — 11,1%; ყაზახეთიდან — 2,4%.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თებერვლის დასაწყისში ვირუსის გავრცელების არეალი ბევრად მცირე იყო, ვიდრე დღეს. აქედან გამომდინარე, შემცირება გაცილებით უფრო დიდი იქნება მომდევნო თვეებში. ამის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც სადაც განაცხადეს, რომ "მარტი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის გამოწვევებით აღსასვე იქნებოდა."

დამძიმებულ სურათზე მეტყველებს მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებშიც. TAV Georgia-ის ინფორმაციით, მარტის პირველ ორ კვირაში თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 49%-ით შემცირდა. 21%-ით არის შემცირებული ფრენების რაოდენობაც.

წინა წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყოველთვიური შემოსავალი ტურისტული სექტორიდან საშუაოდ 266 მილიონი დოლარია. დიდი ალბათობით, შემოსავალი უკვე თებერვალში წავიდა კლებისკენ, თუმცა მარტში შემცირება ბევრად უფრო მკვეთრი იქნება. ზუსტი ზარალის კალკულაცია ამ დროისთვის შეუძლებელია და ეს ახალი ვირუსის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

შედარებისთვის, გასული წლის ივლისში მხოლოდ რუსეთიდან და მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს ეკონომიკამ 300 მილიონი დოლარი იზარალა. ამ დროისთვის, რუსეთის გარდა საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია იტალიასთან, ჩინეთთან და ირანთან, რაც იმას ნიშნავს რომ დანაკარგი ბევრად უფრო მასშტაბური იქნება. 

ტურიზმის სექტორში შემცირებული შემოსავლები საყურადღებოა იმითაც, რომ ეს პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს, მოსალოდნელია სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება და უხელფასო შვებულებების მაჩვენებლის ზრდაც. დაზარალდებიან ტურიზმის მომიჯნავე სფეროები როგორებიცაა: რესტორნები, საკვები ობიექტები, უძრავი ქონების გაქირავება და ა.შ.

ფულადი გზავნილები

1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან, საზღვარგარეთ მომუშავე თანამოქალაქეების მიერ გამოგზავნილი თანხები ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთ უმსხვილეს წყაროდ იქცა. ამ გზით ბოლო ხუთი წელში ქვეყანაში 6,6 მილიარდი დოლარი შემოვიდა. ამგვარად, ტურიზმთან ერთად, ფულადი გზავნილები საქართველოს სავალუტო შემოსავლებისა და ლარის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ფულადი გზავნილების წინა წლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2015 წელი — $1,08 მილიარდი;
  • 2016 წელი — $1,1  მილიარდი;
  • 2017 წელი — $1,4  მილიარდი;
  • 2018 წელი — $1,5  მილიარდი;
  • 2019 წელი — $1,7  მილიარდი.

საქართველოს საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს, შესაბამისად ყველაზე მეტი ფულადი გზავნილიც იქიდან ხორციელდება. რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა რუსეთის ეკონომიკა სხვა გამოწვევების წინაშე დგას, რაც შესაძლოა საქართველოზეც აისახოს. 

საუბარია, ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც გასულ ორშაბათს ისტორიული 30%-ით შემცირდა. ბოლო ოთხი წლის მინუმამდე გაუფასურდა რუბლიც, აქედან გამომდინარე რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების მაღალი ალბათობაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იანვარში რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების რაოდენობა ისედაც 5%-ით შემცირდა. 

ფულადი გზავნილების ჩამონათვალში ბოლო წლების განმავლობაში მეორე ადგილი იტალიას უკავია. ამ დრომდე, იტალიიდან გამოგზავნილი ფულის რაოდენობა დინამიურად იზრდებოდა. სავარაუდოდ ვითარება ამ მიმართულებითაც მკვეთრად უარესობისკენ შეიცვლება. 

იტალია ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა. წითელ ზონად გამოცხადდა მთელი ქვეყანა, ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობა კი პრაქტიკულად განულებულია. იტალიაში შექმნილი ვითარება აისახება იქ მომუშავე ჩვენს თანამოქალაქეებზე, მათ შორის მათ მიერ სამშობლოში გადმორიცხულ თანხებზეც.

იანვარში იტალიიდან საქართველოში 21 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა. დიდი ალბათობით, მარტ-თებერვალში მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდება. გასული თვის სტატისტიკას ეროვნული ბანკი 15 მარტს გამოაქვეყნებს. 

ნავთობის ფასები

გასულ ორშაბათს ნავთობის ინდუსტრია ავსტრიის დედაქალიდან გავრცელებულმა ცნობებმა შეძრა. ამ დღეს ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაციის [OPEC] სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს რუსეთსა და საუდის არაბეთის შორის ჩამოყალიბებული ალიანსი ჩაშლილია. სწორედ ამ ალიანსის მეშვეობით კონტროლდებოდა ნავთობის ფასები ბოლო 4 წლის განმავლობაში. 

ალიანსის ჩაშლის შედეგად, ნავთობის ფასი ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში 30%-ით დავარდა. ნავთობის ფასების ვარდნა პირველ რიგში ნედლეულის მწარმოებელ სახელმწიფოებს ურტყამს, თუმცა ირიბი დარტყმის ქვეშ ექცევიან ამ სახელმწიფოებთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების მქონე ქვეყნებიც - ესეთია საქართველოც.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს სამი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორიდან ორი [აზერბაიჯანი, რუსეთი] ნავთობის მწარმოებელი ეკონომიკაა. ამას ადასტურებს 2014-2016 წლებში შექმნილი მდგომარეობა - ამ შუალედში ნავთობის ფასები 65%-ით, ხოლო საქართველოს წმინდა ჯამური ექსპორტი დაახლოებით 25%-ით შემცირდა. 

ამ წლებში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2014 წელი — $2,8 მილიარდი;
  • 2015 წელი — $2,2 მილიარდი; 
  • 2016 წელი — $2,1 მილიარდი.

2014-2016 წლებში საქართველო საშუალო ეკონომიკური ზრდა 3,6%-ს შეადგენდა. ამ დროიდან დაიწყო ლარის გაუფასურებაც. შედარებისთვის 2014 წლის მესამე კვარტალში ერთი დოლარის საშუალო ღირებულება 1,73 ლარს შეადგენდა

აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და 2019 წლის მონაცემებით უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. თავის მხრივ აზერბაიჯანის ეკონომიკის თითქმის ნახევარს ნავთობისა და გაზის ინდუსტრია შეადგენს. აქედან გამომდინარე, ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება უარყოფითად აისახება ქვეყნის საიმპორტო მოთხოვნილებებზე. მოსალოდნელია მოთხოვნის შემცირება სხვადასხვა სახის ქართულ პროდუქციაზე. 

სხვა ასპექტებთან ერთად, მოსალოდნელია აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციების შემცირებაც. ამასთანავე აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტურისტული ბაზარია, მაგალითად თებერვალსა და იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი სწორედ, ამ მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოვიდა. 

აზერბაიჯანის შემდეგ, უმნიშვნელო ჩამორჩენით რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარია. შესაბამისად 2014-2016 წლების მსგავსად, ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა რუსეთშიც შემცირდება.

ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ ნავთობზე ფასების შემცირების ფონზე რუსული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ერთი დოლარის ღირებულებამ 75 რუბლი შეადგინა, ხოლო ერთი ევროს 83. ამის ფონზე რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირების რისკი, კორონავირუსის ფაქტორის გარეშეც არსებობს. 

რას აპირებს მთავრობა და რას სთავაზობს ოპოზიცია?

გუშინ, 13 მარტს მთავრობამ ანტი-კრიზისული გეგმა გამოაქვეყნა. ეკონომიკის სტიმულირების გეგმის ფარგლებში მთავრობამ კვლავ უარი თქვა გადასახადების შემცირებაზე, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ ევროპული საქართველო ჯერ კიდევ გეგმის გამოქვეყნებამდე სთავაზობდა. 

მთავრობის გეგმა სხვა ნაბიჯებთან ერთად, ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4 თვით გადავადებას გულისხმობს. ამის გარდა, მთავრობა დამატებით 300 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც სავარაუდოდ ახალი ვალით დაფინანსდება. 

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საშეღავათო პერიოდი ტურისტული სექტორის მარტს, აპრილს, მაისსა და ივნისს მოიცავს და დაგროვილი გადასახადს სახელმწიფო პირველ ნოემბერს მოითხოვს, თუმცა არა ერთბაშად და შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური გრაფიკის შედგენაც.

მთავრობის გეგმებს მალევე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია - "ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს და მეწარმეებს, რომ ჩვენ გვინდა, დაგიტოვოთ მეტი ფული, მთავრობა ეუბნება, რომ ჩვენ გასესხებთ ამ ფულს, და მერე უნდა ჩაგვასესხოთ."

ევროპული საქართველოს ლიდერი მიიჩნევს, რომ "ფუნდამენტურად მცდარია" მთავრობის მიდგომა, გამოყოს კონკრეტული დარგები, რომლებსაც დახმარებას გაუწევს, რადგან კორონავირუსის კრიზისი ყველას ეხება.

ამდენად, ბოკერია მთავრობის ნაბიჯებს არასაკმარისს უწოდებს და ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივით, უნდა შემცირდეს ქონების, მოგებისა და საწვავის აქციზის გადასახადები. "ფუნდამენტურად არასწორია, ცუდი ძიძის როლში იყოს მთავრობა", — ამბობს ბოკერია. 

მთავრობის გეგმას მიყენებული ზიანის შესარბილებლად გაიზარდოს სახელმწიფოს ხარჯები ტაბულასთან საუბარში ეხმაურება ეკონომისტი აკაკი ცომაია. ეკონომისტის თქმით, მთავრობის ხარჯების ზრდა ავტომატურად ვალების ზრდას ნიშნავს, რაც "როგორც წესი, გადასახადების ზრდით სრულდება."

"გაზრდილი ხარჯები მეტად დააწვება ეროვნული ვალუტის კურსს, ინფლაციასა და ბიუჯეტის დეფიციტს", — ამბობს ტაბულასთან საუბარში ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი. 

გიგა ბედინეიშვილის თქმით, უმჯობესია, მთავრობამ კრიზისის ფონზე გადასახადები შეამციროს და უაზრო პროგრამებზე უარის თქმით ხარჯვა შეამციროს, განსაკუთრება, თუმცა "ეს ამ მთავრობის დნმ-ს ეწინააღმდეგება."

ანტი-კრიზისული გეგმის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია კომპანიებისთვის დასაბრუნებელი დღგ-ს გაორმაგება და მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის გადახდა. 

ყველა ტიპის სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადა უმსხვილესმა ბანკებმა, მათ შორის თიბისიმ, საქართველომ და ვითიბიმ.



 

კომენტარები