კორონავირუსი საქართველოში

"მომდევნო 3 თვის ყველა ჯავშანი გაუქმდა" - კორონავირუსის გავლენა ტურიზმის სექტორზე

ანა გვარიშვილი
0 კომენტარი

ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ყვებიან, რომ კორონავირუსის გამო მომხმარებლებმა სრულად გააუქმეს მარტში, აპრილსა და მაისში დაგეგმილი ვიზიტები და, შესაბამისად, კომპანიები დიდი ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ.

ახალი კორონავირუსი, რომელიც პირველად დეკემბრის ბოლოს ჩინეთში შენიშნეს, ბოლო რამდენიმე თვეში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც.

ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებული, დაახლოებით, 150 000 ადამიანისგან, 30 საქართველოს მოქალაქეა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ვირუსი გვიან, თებერვლის ბოლოს გავრცელდა, თუმცა უკვე დაამჩნია კვალი ქვეყნის ეკონომიკას, მათ შორის ტურიზმის სექტორს, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 11.3% უკავია.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ამ წლის კვარტალური მონაცემები ცნობილი არ არის, რთულია, კონკრეტული რიცხვებით ვიმსჯელოთ, რა მასშტაბის უარყოფით გავლენასთან გვაქვს საქმე, თუმცა ცალკეული მსხვილი და საშუალო ტურისტული კომპანიების გამოცდილება დიდ ფინანსურ ზარალს აჩვენებს.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რომ კორონავირუსის გამო მომხმარებლებმა სრულად გააუქმეს მარტში, აპრილსა და მაისში დაგეგმილი ვიზიტები და, შესაბამისად, კომპანიები დიდი ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ.

GLOBAL GEORGIA TOUR-ის გამოცდილება

გიორგი სუხიშვილი ერთერთი ტურისტული კომპანიის Global Georgia Tour გენერალური მენეჯერია. კომპანიას ტურისტები აზიის სამი ქვეყნიდან (სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია) და აშშ-ისა და კანადიდან შემოჰყავს. სუხიშვილი ტაბულასთან საუბარში ყვება, რომ ტურისტებმა ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან კომპანიას ჯავშნები ჯერ კიდევ იანვრის თვეში გაუუქმეს, რის შემდეგაც ტურისტული კომპანია სრულად გადაერთო აშშ-სა და კანადის ბაზრებზე.

"აშშ-დან და კანადიდან მოვახერხეთ ტურისტების მოზიდვა, თუმცა შემდეგ უკვე საქართველოშიც გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და ეს ჯავშნებიც სრულად დავკარგეთ"- ამბობს გიორგი სუხიშვილი.

კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საკონტრაქტო პირობების თანახმად, ჯავშნები 3-თვიანი ინტერვალით უქმდება და ამ დროისთვის მარტში, აპრილსა და მაისში ყველა ჯავშანი სრულადაა გაუქმებული.

"ახლა უკვე საუბარი იმაზეც მიდის, რომ უნდა გაუქმდეს ივნისის ჯავშნებიც. ჩემი მოლოდინი საკმაოდ პესიმისტურია და მგონია, რომ ივნისი-ივლისიც გაუქმდება, მაგრამ ჩვენი კონტრაქტის შესაბამისად, 3-თვიანი ინტერვალია გათვალისწინებული და ჯერ ვერ აუქმებენ".

გიორგი სუხიშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რაც ჯავშნების გაუქმებასთანაა დაკავშირებული, მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურებას ეხება. გარდა იმ ფინანსური ზიანისა, რაც ჯავშნების გაუქმებასთანაა დაკავშირებული, სუხიშვილის განმარტებით, კომპანიებს ასევე უწევთ მათ მიერ ტურისტებისთვის წინასწარ დაჯავშნილი სასტუმროსთვის პირგასამტეხლოს გადახდა.

"ზოგან 10%-ია, ზოგან 20%, ზოგან 30%. მაქსიმუმ, პირადი ურთიერთობების საფუძველზე თუ დავალაგებთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგულია. გვყავს პარტნიორი კომპანიები, ვისაც ესმის, რომ ასეთი სიტუაციაა და თანხას აბრუნებენ, მაგრამ არიან სასტუმროები, რომლებიც კონტრაქტის მიხედვით, როგორც ჯარიმას, ისე გვაჭრის".

სუხიშვილისვე თქმით, შექმნილი ვითარება კომპანიას ძალიან დიდ ფინანსურ ზიანს აყენებს და მათი ერთადერთი გეგმა ამ ეტაპზე ის არის, რომ კომპანიის დანაზოგით რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლონ ოფისისა და თანამშრომლების შენარჩუნება.

"ჩვენ ამინდს ვერ შევქმნით და მთავარია, სიტუაცია გამოსწორდეს და მერე მოვერგებით სიტუაციას".

TEGETA TRAVEL-ის გამოცდილება 

სასტუმროების მიერ თანხის არდაბრუნების გამოცდილებაზე საუბრობს კიდევ ერთი ტურისტული კომპანიის, Tegeta Travel-ის წარმომადგენელი ლიკა ჟვანიაც. კომპანია ქართველ მომხმარებლებზე მუშაობს და ტურებს უცხოეთში გეგმავს. როგორც ლიკა ჟვანია ტაბულასთან ყვება, მათი კომპანიის შემთხვევაში "აბსოლუტურად ყველა ჯავშანი გაუქმდა", რომელიც მაისის ბოლომდე იყო ჩანიშნული. კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე კომპანია ასევე დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

"მაისამდე რაც იყო, ყველაფერი გაუქმდა აბსოლუტურად. ერთი ჯავშანი იყო აქტიური და ესეც, სავარაუდოდ, გაუქმდება, ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. აქამდე თავს ვიმშვიდებდით, რომ მაისამდე რაღაც მოგვარდებოდა და ჩაწყნარდებოდა, მაგრამ უკვე ყველა აუქმებს".

როგორც ლიკა ჟვანია ჩვენთან ყვება, კომპანიის მომხმარებლებმა ჯავშნები ყველა მიმართულებით გააუქმეს, განურჩევლად იმისა, ითვლება, თუ არა ქვეყანა მაღალი რისკის შემცველად.

რაც შეეხება თანხის დაბრუნებასა და ფინანსურ ზარალს, Tegeta Travel-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუკი ავიაკომპანია თანხას არ დააბრუნებს, ვერც კომპანია შეძლებს მგზავრისთვის თანხის დაბრუნებას.

"თუ დაგვიბრუნებს ავიაკომპანია, ჩვენი საკომისიოს გარეშე დავუბრუნებთ მგზავრებს. უბრალოდ, ახალი ჯავშნები აღარ შემოდის".

ჟვანიასვე თქმით, სასტუმროების დიდმა ნაწილმა კომპანიას თანხა არ დაუბრუნა.

"როგორც ვიცი, ბანკები ბენეფიტებზე წამოვიდნენ, რაც ძალიან კარგია ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის".

DISCOVER GEORGIA-ს გამოცდილება

მაისის ჩათვლით ყველა ჯავშანი გააუქმეს Discover Georgia-ს მომხმარებლებმაც, რომელიც როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოგზაურებისთვის გეგმავს ტურებს. კომპანიას ასევე აქვს ტურ-ოპერატორის პროგრამის სასწავლო ცენტრიც. Discover Georgia-ს წარმომადგენელი ნინა კეკელიძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებამ კომპანიის სამივე მიმართულება დააზარალა.

"ძალიან ცუდად იმოქმედა. ერთი ისაა, რომ გადავედით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. დამატებით არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა ჯავშანი გაგვიუქმდა, რაც კი გვქონდა, არამარტო ტურიზმის მიმართულებით, ასევე საგანმანათლებლო კუთხის ჩათვლით".

კეკელიძე ამბობს, რომ მარტში, აპრილსა და მაისში ჩანიშნული ჯავშნები სრულადაა გაუქმმებული ყველა მომხმარებლის მიერ და ახლა კომპანია ცდილობს, რომ ივნისი-ივლისი და შემოდგომის სეზონზე არსებული ჯავშნები მაინც შეინარჩუნოს.

"უშედეგოდ, გაყინულია ყველაფერი".

კეკელიძის თქმით, კომპანიამ თებერვლის ბოლოს საბანკო სესხიც გამოიტანა და დადებითად აფასებს პრემიერმინისტრის გაჟღერებულ იდეას, რომლის მიხედვითაც ტურისტულ სექტორს საშემოსავლო და ქონების გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ.

"დამატებით რას ველოდებით - ველოდებით სიტუაციის დაწყნარებას, დამშვიდებას, როდესაც აღდგება ქვეყნებს შორის მიმოსვლა".

AIRBNB-ის მასპინძლების გამოცდილება

ტურისტული კომპანიების გარდა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფრენების შეზღუდვამ გავლენა იმ ადამიანებზეც მოახდინა, რომლებიც თავად, ან კომპანიის დახმარებით AirBnb-ის პლატფორმაზე საკუთარ ბინებს დღიურად აქირავებენ უცხოეთიდან შემოსულ მოგზაურებსა და ტურისტებზე.

Facebook-ის თემატურ ჯგუფებში ათობით ადამიანი საუბრობს გაუქმებულ ჯავშნებზე და იმ ახალ პოლიტიკაზე, რომელიც პლატფორმამ სწორედ COVID-19-ის შემთხვევებისთვის შეიმუშავა. კერძოდ, ჯავშნის გაუქმებისას ბინის მეპატრონეს მოუწევს, დაუბრუნოს თანხა მომხმარებელს, თუკი სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციების გამო ის ვეღარ ახერხებს მოგზაურობას.

ბევრ მათგანს ბინა იპოთეკური სესხით აქვს ნაყიდი, რომლის თანხასაც სწორედ ამ ბინის გაქირავებით იხდიდა, რის გამოც მათ ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ზოგიერთი მათგანი ასევე ყვება, რომ პრევენციის მიზნით, თავად გაუუქმეს ჯავშნები ტურისტებს.

კომპანია HOSTY

აკაკი პირპილაშვილი კომპანია Hosty-ის წარმომადგენელია, რომელიც დაახლოებით, 30-მდე ბინას მართავს თბილისში, ტურისტული თვალსაზრისით ცენტრალურ უბნებში. პირპილაშვილის თქმით, ჯავშნების გაუქმება მოგზაურებმა 4 დღის წინ დაიწყეს და იქამდე კორონავირუსს არანაირი ეფექტი არ ჰქონია.

"აქამდე დღეში 1, მაქსიმუმ 2 ჯავშანი უქმდებოდა. დღეს უკვე 4 ჯავშანი გამიუქმეს. რა თქმა უნდა, ზარალდება, როგორც ჩვენი კომპანია, ასევე ბინის მეპატრონეები. ჩვენ ვმართავთ ბინებს და სარგებელს საკომისიოს სახით ვიღებთ. თუ არ იქნება ჯავშანი, არ იქნება არც ჩვენთვის შემოსავალი“.

პილპილაშვილის თქმით, კონკრეტულ თანხაზე საუბარი ამ ეტაპზე არ შეუძლია, თუმცა ბოლო 4 დღეში დაახლოებით, 4 000 ლარის შემოსავალი დაკარგეს. როგორც თავად გვითხრა, იმ დროს, როცა კომენტარს გვაძლევდა, კიდევ ერთი, 600 ლარის ღირებულების ჯავშანი გაუუქმდა.

ნათია შანიძე

ნათია შანიძე თბილისში აპარტამენტის გარდა ქუთაისში საოჯახო სასტუმროს მფლობელია და როგორც ის ამბობს, ჯავშნები ორივე ქალაქის შემთხვევაში უქმდება. შანიძის თქმით, ის მე-5 წელია აქირავებს აპარტამენტს Airbnb-ის პლატფორმის საშუალებით და თუკი აქამდე ერთი ღამის განმავლობაში მისი ბინა, ყველაზე მინიმუმ, $50-დ ქირავდებოდა, მომხმარებლების შემცირების გამო ბოლოს 50 ლარად გაქირავებასაც დასთანხმდა.

"ეს ბინა კი ჩემია და მასში იპოთეკურ სესხს არ ვიხდი, თუმცა მაქვს ბევრი ვალდებულება ბანკში. შარშან, შარშანწინ და იმის წინ ამ თანხით, დაახლოებით, €1000-ს ვიხდიდი, ახლა სხვა წყაროებისგან მიწევს ამ თანხის მოძიება".

შანიძის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მას ამ თვეში 2-კვირიანი დიდი შეკვეთა გაუუქმდა, აპრილის თვეში კი - 4 ჯავშანი.

"ქუთაისში გამიუქმდა 15-18 დღე. 10 მაისამდეა გაუქმებული".

მარიამ ლორთქიფანიძე

მარიამ ლორთქიფანიძე აპარტამენტს თბილისში აქირავებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ტენდენცია ჯავშნების მასობრივ გაუქმებაზე მეტყველებს, მის შემთხვევაში ასე არ ყოფილა და მხოლოდ გამონაკლისი იყო. ლორთქიფანიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში დიდ თანხაზე არ არის საუბარი, ტურისტები მაინც თავს იკავებენ ბოლო წუთამდე ჯავშნის გაუქმებისგან და მოვლენების შეცვლას ელოდებიან.

"ერთმა ტურისტმა გამიუქმა სტამბოლიდან და მიზეზად მითხრა, რომ სამსახურში მოგზაურობა აუკრძალეს".

მარიამ ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ხშირ შემთხვევაში ტურისტები დროულად ინფორმირებულები არ არიან, როდესაც საქართველოში რაღაც იცვლება, მაგალითად, ფართოვდება მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია.

"გუშინ, მაგალითად, ავსტრიიდან მოდიოდნენ და გუშინ შევიდა ეს ცვლილებები, სავალდებულო კარანტინს რომ 4 ქვეყანა დაემატა, მათ შორის ავსტრია. მე რომ არ მიმეწერა, არც იცოდნენ. აეროპორტიდან გაბრუნდნენ.

თუ ვფიქრობ, რომ ადამიანს შეიძლება, პრობლემა შეექმნას და გაწვალდეს, რა თქმა უნდა, ვაფრთხილებ. ესეც ხომ ძალიან დიდი ნეგატიური გამოცდილებაა ქვეყნის შესახებ".

ხათუნა ჩხეიძე

ხათუნა ჩხეიძე ბინას ასევე თბილისში აქირავებს და ამბობს, რომ 1 მარტიდან მაისის ბოლომდე აბსოლუტურად ყველა ჯავშანი გაუქმდა.

"მხოლოდ ერთი ჯავშანი დამრჩა - აგვისტოს თვეში“.

ჩხეიძის თქმით, მან აგვისტოს თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ბინის კეთილმოწყობისთვის სესხი გამოიტანა. 

"მიკროსაფინანსოები, ბანკებისგან განსხვავებით საშეღავათო პირობებზე არ მოდიან".

ასევე წაიკითხეთ - რა ელის ეკონომიკას კორონავირუსის კრიზისის პირობებში და რას გეგმავს მთავრობა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები