ნინო ქადაგიძე

ქადაგიძე: არაკომპეტენტურობაზე შენიშვნებს ვერ მივიღებ, ჩემს დარგში კვალიფიციური ვარ

პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობასთან დაკავშირებით შენიშვნებს ვერ მიიღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქადაგიძე სასამართლოს ე.წ კლანის წევრი, ამასთან არაკომპეტენტური მოსამართლეა. შესაბამისად, მათი თქმით, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, ეს კი, კომპეტენციის ნაკლებობასთან ერთად, კიდე უფრო გააღრმავებს სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას.

ამ შენიშვნას ქადაგიძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უპასუხა, სადაც მას, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, უსმენენ.

"გეთანხმებით, რომ "მირანდას წესები" (დამკავებლის ვალდებულება, დაკავებულს გააცნოს მისი უფლებები), თქვენთან გასაუბრების დროს არ გამახსენდა, მაგრამ დღეს მე თქვენ ადმინისტრაციული სამართლის თვალსაზრისით კითხვა დაგისვათ, შეიძლება თქვენც ბევრ რამეზე ვერ მიპასუხოთ. ამას რატომ ვამბობ - მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციით განვითარებული მოსამართლე შეძლებს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების განვითარებას. შესაძლებელია, რომ თეორეტიკოსმა იცოდეს ზოგადად ყველაფერი და არ ვთვლი, რომ ზოგადი განათლება საჭირო არაა. მე 25 წელია, სისხლის სამართალს არ შევხებივარ, ამიტომ შეიძლება რაღაც მომენტები სისხლის სამართლიდან არ მახსოვდეს. მე ყოველთვის ვკვალიფიცირდებოდი და მსურდა, ვყოფილიყავი სპეციალისტი, ოღონდ ძლიერი სპეციალისტი ჩემს დარგში, ნამდვილად ვერავისგან მივიღებ შენიშვნას, რომ ჩემს დარგში არ ვარ კვალიფიციური სპეციალისტი, თუმცა, აქვე გიდასტურებთ, მე არასდროს, არც ეტაპზე არ ვიტყვი, რომ მე ვიცი სისხლის სამართალი, ან ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმა და ძლიერი სპეციალისტი",- თქვა მან.

დღევანდელ სხდომას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

  • ნახეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტზე დანიშვნამდე ნინო ქადაგიძესთან გასაუბრების ამონარიდები:

ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეა. ის ერთ-ერთია იმ 14 მოსამართლიდან, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უვადოდ დანიშნა. დანიშვნას წინ შერჩევის პროცესი უძღოდა, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებდნენ. შერჩევის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა მწვავედ გააკრიტიკა.

ქადაგიძე გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელიც მან 2018 წლის დეკემბერში წარმოადგინა და რომელსაც პროტესტი მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტურია - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

კომენტარები