თურქეთში COVID-19-ზე "უსაფუძვლო, პროვოკაციული" ინფორმაციის გავრცელებისთვის 19 პირი დააკავეს

Reuters

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით გამოავლინეს 93 ადამიანი, რომლებიც სოციალურ მედიაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ "უსაფუძვლო და პროვოკაციულ" ინფორმაციას ავრცელებდნენ. მათგან 19 დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ პირების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული დეზინფორმაციის სამიზნეს ქვეყნის ოფიციალური პირები წარმოადგენდნენ. უწყების თქმით ისინი წერდნენ, რომ თურქეთში ვირუსი ფართოდ გავრცელდა და მთავრობა საკმარის ზომებს არ იღებს, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობაში პანიკის გავრცელებას.

"19 ეჭვმიტანილი დავაკავეთ და გრძელდება სხვა იდენტიფიცირებული პირების დაკავება." ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, თურქეთმა დახურა კაფეები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები, მეჩეთებში მასობრივი ლოცვა დროებით შეჩერებულია, ფრენებზე აკრძალვა კი 20 ქვეყანაზე გავრცელდა, სადაც ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები, ბარები და კლუბები.

კარანტინში გადაიყვანეს საუდის არაბეთში პილიგრიმობიდან დაბრუნებული ათასობით ადამიანი.

ამ დროისათვის თურქეთში ახალი ვირუსით დაავადების 47 შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები