WHO ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს კორონავირუსზე მეტი ინფორმაციის გაზიარებისკენ მოუწოდებს

Middle east eye

18 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაეზიარებინა ახალი კორონავირუსის შემთხვევებზე, რათა რეგიონში ახალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა გაეძლიერებინათ.

ჯანმო-ს რეგიონულმა დირექტორმა აჰმედ ალ-მანდჰარმა განაცხადა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რეგიონული მიდგომა არათანაბარი იყო და უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო.

მისი განმარტებით, ინფორმაციაზე გაუმჯობესებული წვდომა ჯანმო-ს უფლებას მისცემდა, რომ მისი გავრცელება აღერიცხა და სწრაფად მიეღოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები.

"სამწუხაროდ, დღესაც კი, როდესაც მდგომაროება კრიტიკული ხდება, ჯანმო-სთვის შემთხვევებზე ამ ქვეყნებიდან მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში კიდევ ჰქონდათ დრო, რათა უფრო მყისიერად ემოქმედათ.

ირანის გარდა, რომელიც კორონავვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამეა, მთელ რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევები დაბალია აღმოსავლეთ აზიასა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ჯანმო-ში შიშობენ, რომ ნაწილობრივ, არასაკმარისი ტესტირების გამო, რეალური რიცხვები, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.​

17 მარტს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით გამოავლინეს 93 ადამიანი, რომლებიც სოციალურ მედიაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ "უსაფუძვლო და პროვოკაციულ" ინფორმაციას სოც. მედიაში ავრცელებდნენ. მათგან 19 დააკავეს. თურქეთში ეჭვობენ, რომ მეტი ადამიანია ვირუსით დაავადებული, ვიდრე ეს ოფიცლაურ სტატისტიკაშია ასახული. უწყების თქმით ისინი წერდნენ, რომ თურქეთში ვირუსი ფართოდ გავრცელდა და მთავრობა საკმარის ზომებს არ იღებს, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობაში პანიკის გავრცელებას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 82 000-ზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა 8000-ზე მეტი პირი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევა გამოვლინდა. კარანტინის რეჟიმში 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81.

კომენტარები