კორონავირუსი

"თანამშრომელმა გოგონამ კორონავირუსზე ცუდად იხუმრა" - პოლიცია ბურჭულაძის შვილის ოფისს ჩხრეკს

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება. შუქრი ბურჭულაძის თქმით, "თანამშრომელმა გოგონამ ცუდად იხუმრა“ და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ჩვენგან არანაირი მასიური ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, ჩვენი თანამშრომლები 10 სატესტო სმს-ზე მეტს ვერ აგზავნიან. ამ გოგონამ ცუდად გაიხუმრა და სამწუხაროდ, დავემშვიდობეთ მას, ის გუშინვე გავათავისუფლეთ ბრძანების საფუძველზე. ვოისჩანაწერზე საუბარი არ არის, საუბარია სმს შეტყობინებაზე. ჯერჯერობით, მიდის ჩხრეკა, რაღაც მითხრეს სუს-ის თანამშრომლებმა, მაგრამ იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით ზუსტად რა ხდება, როგორ მიდის გამოძიება" - თქვა ბურჭულაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"სუს-ის 50 თანამშრომელი არ უნდა მოვარდნილიყო, ჩვენ ვითანამშრომლეთ და ის გოგონაც რომ დაეკითხათ, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებდა იმას, რაც ახლა ვთქვი. მისი შეცდომა იყო, მეცოდება კიდეც, წარმოიდგინეთ ვერც კი გაიაზრებდა, რამხელა ამბავი მოჰყვებოდა ამას და წარმოიდგინეთ, რამხელა ამბავი მოჰყვა მის 6 სმს-ს, რომელიც მან გააგზავნა თავის ახლობლებთან და ოჯახის წვერებთან უბრალოდ სახუმაროდ. მესმის რომ ცუდი ხუმრობაა. გამოძიება გვანახებს ყველაფერს" - ამბობს ბურჭულაძე და განმარტავს, რომ ჩხრეკა ისევ მიმდინარეობს.

"კომპიუტერული ტექნიკის ამოღება მიდის და უნდა გადაიტანონ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შეგვაფერხებს მუშაობაში, მთელი ინფორმაცია იქ გვაქვს, მაგრამ ვეცდებით, მუშაობა გავაგრძელოთ.

ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის გარეშე. უბრალოდ რომ დაეკაკუნებინათ, ჩვენ გავუღებდით კარებს, მობრძანდებოდნენ, ყველაფერს ავუხსნიდით, ჩვენი მხრიდან სმს-ების არანაირი მასიური დაგზავნა არ მომხდარა, ეს დარწმუნებული ვარ, თვითონაც იციან, რომ ჩვენი კომპანიიდან სულ რამდენიმე სმს იყო გაგზავნილი“, - განაცხადა ბურჭულაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

სუს-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებებზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს დაეგზავნა ყალბი SMS შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

კომენტარები