ეკონომიკა

"რეცესიის ტერიტორიაზე ვართ" — Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაანახევრა

მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაანახევრა. სააგენტო გასული წლის დეკემბერში 2,5%-იან გლობალურ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, განახლებული პროგნოზი კი 1,3%-ია. 

"გლობალური მშპ კლებულობს და ყველა განმარტებით ჩვენ უკვე გლობალური ეკონომიკური რეცესიის ტერიტორიაზე ვართ", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში. წინა პროგნოზთან შედარებით, ამ მოცემულობაში გლობალური ეკონომიკის დანაკარგი 850 მილიარდი დოლარი იქნება. 

ამასთანავე, ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვირუსის უფრო ფართო და მწვავე გავრცელების შემთხვევაში გამორიცხული არ არის მსოფლიო მშპ-ს მეტად შემცირებაც. 

ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა. ამასთანავე ახალ კორონავირუსთან მიმდინარე ეფექტური ბრძოლის ფონზე წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული. ამგვარად, ჩინეთის ეკონომიკური პროგნოზი დეკემბერში ნავარაუდევი 6,1%-იდან 3,7%-მდე მცირდება. 

იმ შემთხვევაშიც თუ ჩინეთის ეკონომიკა წელს 3,7%-ით გაიზრდება, ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. 

სააგენტო, ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელოდება იტალიასა და ესპანეთში. Fitch-ის პროგნოზით, იტალიის ეკონომიკა 2%-ით შემცირდება, ხოლო ესპანეთის 1%-ით. რაც შეეხება მთლიანად ევროზონას, აქ 0,4%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 

განახევრდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აშშ-ის შემთხვევაში და სააგენტოს აზრით, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ზრდა 2020 წელს 1%-ს გაუტოლდება. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ ყველაზე მძიმე წლის მეორე კვარტალი იქნება, რომელშიც მშპ-ს 0,5%-იანი კლებაა ნავარაუდევი.

ეს სცენარები არ ითვალისწინებს მსოფლიოში გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვის სცენარს. იმ შემთხვევაში თუ გადაადგილება კიდევ უფრო გართულდება, ეკონომიკური სურათიც უარყოფითად შეიცვლება. უარეს სცენარში ევროზონის მშპ 1,5%-ით შემცირდება, აშშ-ს 1%-ით, ხოლო ჩინეთის ზრდა 2%-ს გაუტოლდება. 

როგორც კვლევაშია ნათქვამი - ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება პანდემია მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკებში. 

გაიგეთ რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკაში ყოველდღიური მიმოხილვიდან.

კომენტარები