19 მარტს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გამოკვეთილმა დადებითმა ტენდენციებმა სულ 24 საათს გასტანა და 20 მარტს ბაზრები კვლავ კლებისკენ წავიდა. შემცირება განაგრძო საკვანძო საფონდო ინდექსებმა, დაეცა ნავთობის ფასებიც, საქართველოში კი კვლავ გაუფასურდა ლარი.
- ცუდად დაიწყო სავაჭრო დღე აშშ-ის უმსხვილესი საფონდო ბირჟებისთვის — დღის პირველ ნახევარში ინდექსები საშუალოდ 4%-ით შემცირდა. ამ დროისთვის მონაცემები ასეთია: Dow&Jones -4.6%; S&P 500 -4.3%; NASDAQ -3.8%;
- მიმდინარე კვირა ამერიკული ინდექსებისთვის, 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგებით დასრულდა. კვირის საშულო კლებამ 14,6% შეადგინა. ამ დროისთვის მონაცემები ასეთია: Dow&Jones -17.3%; S&P -15%; NASDAQ -12,3%;. ამგვარად, ამერიკულმა ინდექსებმა სრულად დაკარგა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამომუშავებელი ნამატი და ჯამური მოცულობა 2016 წლის მაჩვენებელს უტოლდება;
- პანიკის გარეშე ჩაიარა სავაჭრო დღემ საკვანძო ევროპული ინდექსებისთვის, დღის მიწურულს ინდექსები საშუალოდ 3%-ით გაიზარდა — დიდი ბრიტანეთი FTSE +0,7%; გერმანია DAX +3,7%; საფრანგეთი CAC +5,1%;
- სამდღიანი კლების შემდეგ, შესამჩნევად გაიზარდა აზიური ინდექსები — ჰონგ-კონგი Hang Seng +5%, ჩინეთი Shanghai Composite +1.6%;
- წინა დღეების მსგავსად კლება გაგრძელდა განვითარებადი ბაზრების ინდექსებზე, მონაცემები ესეთია — ბრაზილია Brazil Boversa -1,8%, მექსიკა BOLSA -2,4%;
- ერთდღიანი ზრდის შემდეგ კვლავ შემცირდა ნავთობის ფასი. 20 მარტს. ამ დროისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 26 დოლარია, ხოლო WTI-ის 24 დოლარი;
- ნავთობზე ფასების კლების მიუხედავად, გაიზარდა საკვანძო რუსული ინდექსები და დღის ბოლოს მოსკოვის ბირჟის ნამატმა 3,4% შეადგინა, 2,3%-ით გაიზარდა RTS-ის ინდექსი;
- რუსული ინდექსების ზრდის ფონზე მცირედით გამყარდა რუსული რუბლი, ამ დროისთვის 1 დოლარის ღირებულება 78 რუბლია, ხოლო 1 ევროსი 85 რუბლი;
- დაახლოებით, იმავე დონეზე დარჩა საქართველოს კიდევ ორი უმსხვილესი პარტნიორის აზერბაიჯანისა და თურქეთის ვალუტა. ამ დროისთვის, 1 დოლარის ღირებულება 1,69 მანათია, 6,5 ლირა ღირს 1 დოლარი თურქეთში;
- ბოლო კვირაში გაუფასურების ზედიზედ სამი რეკორდის და რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, 19 მარტს მცირედით გამყარებული ლარი, 20 მარტს კვლავ გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.12 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი - 1.21 თეთრი.ამრიგად, ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 3.1880 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო - 3.4230 ლარი. ლარი გაუფასურდა ბრინატულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც
- 19 მარტს საქსტატმა იანვარ-თებერვალის ექსპორტის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა 526,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4,5% ით აღემატება. თებერვალში ექსპორტის მოცულობა 168 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 8%-ით - 14 მილიონი დოლარით ნაკლებია;
- 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა;
რა ხდებოდა მანამდე
- გლობალური ეკონომიკური სურათის გაუარესება ახალი კორონავირუსის ფართო გავრცელების ფონზე თებერვლის ბოლო კვირაში დაიწყო. პანდემიის გარდა ეკონომიკურ პერსპექტივაზე უარყოფითად აისახება ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაც;
- ნავთობის ფასების ვარდნა ჩინეთიდან შემცირებული მოთხოვნის ფონზე დაიწყო, რადგანაც მთელი ნავთობის დაახლოებით 20%-ს სწორედ ჩინეთი მოიხმარს. ამის მიუხედავად, ფასების მკვეთრი ვარდნა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ჩაშლილ შეთანხმებას მოჰყვა, რის შემდეგაც ფასები ერთ დღეში 30%-ით შემცირდა;
- უკვე ცნობილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ანტი-კრიზისული გეგმების შესახებ. 18 მარტს გაირკვა, რომ თეთრი სახლი ეკონომიკის სტიმულაციისთვის ტრილიონიან პაკეტს ამზადებს. გეგმა სხვა ნაბიჯებთან ერთად მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 1000-1000 დოლარიანი ჩეკების გაგზავნას ითვალისწინებს. 390 მილიარდი დოლარი იქნება გაერთიანებული სამეფოს ანტი-კრიზისული გეგმის მოცულობაც.
- 19 მარტს ცნობილი გახდა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მომზადებული ანტი-კრიზისული გეგმაც, რომლის მოცულობაც 750 მილიარდი ევრო იქნება. პროგრამის ფარგლებში ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზონის ქვეყნების მთავრობებისა და კომპანიების ვალებს იყიდის. მათ შორის იქნებიან იტალია და საბერძნეთიც.
- წინა კვირაში შემცირებული მოთხოვნის სტიმულირებისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირეს ყველაზე დიდი ეკონომიკების ცენტრალურმა ბანკებმა. მათ შორის, მარტში უკვე მეორედ და თითქმის ნულამდე შეამცირა საბაზისო განაკვეთი აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ. იგივე ზომებს მიმართეს იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, რუსეთს და სხვა ცენტრალურმა ბანკებმაც;
- 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა 9 ძირითად საკვებ პროდუქციას ფასების ზრდისგან დააზღვევს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ლარის შემდგომი გაუფასურების შემთხვევაში მთავრობა კერძო მომწოდებლებს სხვაობას აუნაზღაურებს;
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ამბობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, თუმცა სანამ ეკონომიკური ზიანის ზუსტი მოცულობა უცნობია, კონკრეტულ თანხებზე საუბარი ნაადრევია. გვენატაძემ, ასევე განაცხადა, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია და ასევე, რთულია ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებაც.
- წინა კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმის შესახებაც, რომლის მოცულობაც დაახლოებით მილიარდი ლარია. ეკონომიკის სტიმულირების გეგმა ტურისტული და მომიჯნავე სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4-თვიან გადავადებას ითვალისწინებს, დაგეგმილია კომპანიებისთვის დასაბრუნებელი დღგ-ს გაორმაგება, ასევე მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის დაფინანსება. სხვა ნაბიჯებთან ერთად მთავრობა დამატებით 300 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
- წინა კვირაშივე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადა ყველა ტიპის სესხზე საქართველოში მოქმედმა ყველაზე მსხვილმა ბანკებმა;
რა არის მოსალოდნელი
- 20 მარტს გამოქვეყნდა BGS Global-ის მიერ მომზადებულ კვლევა, რომლის მიხედვითაც ბოლო ორ კვირაში რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ რეკორდული 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
- "ყველა განმარტებით გლობალური რეცესიის ტერიტორიაზე ვართ" — ამ სათაურით სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კვლევა 19 მარტს გამოქვეყნა. ორგანიზაციამ 2020 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაანეხევრა. წინა პროგნოზთან შედარებით გლობალური ეკონომიკის დანაკარგი 850 მილიარდი დოლარია, ხოლო გლობალური ზრდა 1,3%-ს გაუტოლდება;
- ამავე სააგენტომ რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც გაანახევრა და ახალ საპროგნოზო მაჩვენებლად 1% მიუთითა. ამის ფონზე 62 დოლარიდან 40 დოლარამდე შემცირდა ნავთობის საშუალო წლიური ფასების პროგნოზიც;
- 19 მარტს გამოქვეყნდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [ILO] პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, Covid-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოში შესაძლოა 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს. შედარებისთვის 2008 გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს იგივე მაჩვენებელმა 22 მილიონი შეადგინა;
- 17 მარტს გამოქვეყნდა ერთერთი ყველაზე გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს, S&P-ის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2020 წელს გლობალური ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევა, ხოლო გლობალური ეკონომიკური ზრდა 1-1,5% იქნება;
- 17 მარტსვე გამოქვეყნდა ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, პანდემიის პირობებში განვითარებადი ქვეყნების ვალუტები, მათ შორის საქართველოს ვალუტაც, შესაძლოა კიდევ 30%-ით გაუფასურდეს;
- 16 მარტს ცნობილი გახდა ჩინეთის იანვარი-თებერვლის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც პროგნოზირებულზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ჩინეთის ექსპორტი 17%-ით შემცირდა;
- 9 მარტს გამოქვეყნდა Bloomberg-ის მიერ მომზადებული პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც პანდემიის გავრცელების ყველაზე მძიმე სცენარში გლობალური ეკონომიკა 2,7 ტრილიონს დაკარგავს, ხოლო ზრდა ნულს გაუტოლდება;
- 5 მარტს გამოქვეყნდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის [OECD] კვლევა, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური ზრდა წელს შესაძლოა განახევრდეს;
- არსებული საფრთხეების ფონზე საქართველოში მოსადნელია ლარის შემდგომი გაუფასურება, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს ისედაც მაღალი ინფლაცია. ეჭვგარეშეა, რომ შემცირდება ეროვნული შემოსავალი, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში. უკვე მოცემულობაა ისიც, რომ ვერ შესრულდება ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი.