ეკონომიკა

კორონავირუსის გამო IMF უფრო დიდ ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს, ვიდრე 2008 წელს

საერთაშორისო სავალუტო ფონდში, [IMF] 2020 წელს გლობალური მშპ-ს შემცირებას პროგნოზირებენ, რის საფუძველზეც მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევა. ფონდის პრეზიდენტის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, ეკონომიკური რეცესია მინუმუმ იმავე მასშტაბის იქნება, რაც 2008 წელს და შესაძლოა კიდევ უფრო მძიმეც.

გეორგიევას კომენტარი ფონდის ოფიციალური განცხადებაშია. ეკონომიკური სურათის გაუმჯობესებას გეორგიევა 2021 წლიდან ვარაუდობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად სწრაფად მოგვარდება Сovid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება. "რაც უფრო მალე შეჩერდება ვირუსი, მით უფრო მალე დაიწყება ეკონომიკის აღდგენა."

ბოლო გლობალური ფინანსური კრიზისის დროს 2009 წელს გლობალური მშპ რეალურ გამოსახვაში 0,1%-ით შემცირდა, რაც 1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური ვარდნა იყო. 

ჯერ კიდევ იანვარში, სავალუტო ფონდი გლობალური მშპ-ს 3,3%-იან ზრდას ვარაუდობდა, დღეს კი ეს პროგნოზი უკვე უარყოფითია. ორი თვის შუალედში რაიმენაირი პრონოზის 3%-ით შეცვლა სავალუტო ფონდისთვის უპრეცენდენტოა. 

დღესვე გამოქვეყნდა, ფინანსების საერთაშორისო ინსტიტუტის [IIF] კვლევაც. ვაშინგტონში ბაზირებული ორგანიზაცია 2020 წელს გლობალური მშპ-ს 1,5%-იან შემცირებას ვარაუდობენ, მათ შორის განვითარებული ეკონომიკების მშპ-ს 3,3%-იან კლებას. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, განვითარებული ბაზრები კრიზისისთვის უფრო უკეთ არიან მომზადებული, ვიდრე განვითარებადი. ამასთანავე, ცნობილია, რომ ახალი ვირუსის გავრცელებიდან დღემდე განვითარებადი ბაზრებიდან ჯამურად 83 მილიარდი დოლარი გავიდა. ეს ყველაზე მასშტაბური კაპიტალის გადინებაა განვითარებადი ბაზრებიდან თანამედროვე ეკონომიკურ ისტორიაში.

კრისტალინა გეორგიევას თქმით, სავალუტო ფონდს დახმარებას უკვე 80 სახელმწიფო თხოვს, მათ შორის ვენესუელა და ირანიც. გეორგიევას თქმით, ფონდი მზადაა სრულად გაანაწილოს მის ხელთ არსებული საკრედიტო რესურსები, საუბარია დაახლოებით, ტრილიონ დოლარზე. გეორგიევა მიესალმა სხვადა ცენტრალური ბანკების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სვოპ ხაზების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კომენტარები