კორონავირუსი საქართველოში

საზმაუს პირდაპირ ეთერში 30 მარტიდან მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 30 მარტიდან სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. 

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ეს განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივაა, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 

"ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს აპრილის ბოლოსთვის,"- თქვა გახარიამ.

პრემიერმინისტრმა ინტერნეტ-პროვაიდერებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. 

"სწორედ ამიტომ იყო ტელევიზია გამოყენებული, იმისთვის, რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს,"- თქვა გახარიამ. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებსა და უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. 

კომენტარები