#სირცხვილია

ცერცვაძე: თუ ნოდარ რუხაძეს არ უთქვამს ის, რაც გავრცელდა და ფეიკია, მე ბოდიშს მოვუხდიდი

0 კომენტარი

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ თუ ფეისბუქზე გავრცელებული განცხადება, თითქოს სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე კორონავირუსის გავრცელებას "ძალიან კარგს უწოდებს, რადგან ძირითადად 70 წლის ადამიანებს კლავს", ყალბი ინფორმაციაა, მზად არის, ბოდიშიც მოიხადოს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ამის შესახებ კითხვა ტვ პირელის ჟურნალისტმა, თამარ ჩიხლაძემ დაუსვა.

"მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად წავიკითხე. მისი სახელი და გვარიც ეწერა და ფოტოც იდო. ნამდვილი იყო თუ ე.წ ფეიკ ნიუსი იყო, ამაში დარწმუნებული არ ვარ. ნეტა, თუ ნამდვილად ფეიკ ნიუსია. მე ძალიან დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ასაკოვანი ვარ, ჩვენი ქართული ტრადიციები არ გულისხმობს იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივი არ ვცეთ. თუ ეს ახალგაზრდა ასე წერს და თუ ეს ფეიკ ნიუსია, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით წავალ აქედან. და ის წყენა და დისკომფორტი, რაც მას მიადგა აქედან, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. თუ სიმართლე არ არის, მე მას ბოდიშს მოვუხდიდი", - თქვა ცერცვაძემ ჩიხლაძის კითხვის პასუხად. .

რამდენიმე დღის წინ ყალბი ამბების გვერდმა, სახელწოდებით "სირცხვილის კორიდორი", სირცხვილიას აქტივისტის, ნოდარ რუხაძის ფოტო გამოაქვეყნა გაყალბებული ციტატით:

"'ნოდარ რუხაძე: თაობათა ცვლის ამბავში ძალიან კარგი მგონია ეს კორონავირუსი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადად 70 წლის ხალხს კლავს".

დღეს, 24 მარტს კი, პოსტვ-ის ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას თენგიზ ცერცვაძემ ამ ციტატაზე ისაუბრა, როგორც ნამდვილ ფაქტზე. შალვა რამიშვილმა კი თქვა, რომ რუხაძის მსგავსი განცხადება "ბავშვობის ტრავმების და არარეალიზებულობის ბრალია".

რამიშვილის გადაცემის შემდეგ ნოდარ რუხაძემ ცერცვაძეს ფეისბუქ პოსტით მიმართა:

"სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი. არასდროს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები.

არსებობს დიდი ეჭვი, რომ ადამიანი, რომლის ეთერშიც თქვენ ბრძანდებოდით, თავად არის იმ ორგანიზაციის შემქმნელი და ხელმძღვანელი, რომელიც მსგავს ყალბ ამბებს ავრცელებს.

ბინძური დეზინფორმაცია მიზნად ისახავს ჩვენ შესახებ არასწორი და მცდარი წარმოდგენების შექმნას, რაც, ზოგჯერ, უნდა ვაღიარო, გამოსდით. ზემოხსენებული "ჟურნალისტი" არც თქვენს პიროვნებას სცემს პატივს. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცის ამ ამბის სიყალბის შესახებ, ის არ შეეცადა არაფრის გამოსწორებას.

ბატონო თენგიზ, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში გამოცდილმა, თქვენ საუკეთესოდ იცით, თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს დეზინფორმაციას.

კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ პოსტის დაწერა მხოლოდ თქვენ მიმართ არსებულმა დიდმა ნდობამ და პატივისცემამ მაიძულა. თქვენი დიდი იმედი მაქვს. მადლობა".

აღსანიშნავია, რომ ყალბი ამბების გვერდი "სირცხვილის კორიდორი" კორონავირუსის პანდემიის, საგანგებო მდგომარეობის და დაძაბულობის პირობებში განსაკუთრებით გააქტიურდა და აქტიურად ეწევა ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო აქტივისტების, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაციას.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა 418 ქართული ანგარიში- 39 პროფილის, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები