მეუფე საბა სინოდზე: ჩანს, რომ კარგად, ალბათ, ვერ ითავისებენ კორონავირუსის საშიშროებას

facebook: Saint Sava Monastery

სამწუხაროდ, ჩანს, რომ კარგად, ალბათ, ვერ ითავისებენ იმ საშიშროებას, რის წინაშეც შეიძლება, აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა - ასე აფასებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, ახალი კორონავირუსის გავრცელებას უმოქმედობით შეხვდეს. 

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიამ სინოდისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებებს მრევლის გარეშე ატარებს. 

"არავინ არის დაზღვეული ამ ვირუსისგან, არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც ურწმუნო, არც მორწმუნე. ვირუსმა არ იცის ეს,"- ამბობს მეუფე საბა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. 

ეპისკოპოსის თქმით, მათ არათუ წირვა შეწყვიტეს, უფრო მეტიც, გააძლიერეს და თუკი აქამდე კვირაში ერთხელ ტარდებოდა ღვთისმსახურება, ახლა ყოველდღე სწირავენ. მეუფე საბას თქმით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ასევე იცავს 10 ადამიანის პრინციპსაც და ღვთისმსახურების დროს ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირების რაოდენობა ამ რიცხვს არ აჭარბებს. ამასთან, ეპისკოპოსისვე თქმით, მრევლს შეუძლია, ღვთისმსახურება ონლაინ, LIVE რეჟიმში მოისმინოს. 

"შეიძლება, ვინმემ დასვას კითხვა, კი მაგრამ, ზიარება როგორ მიიღოს? ჩვენ მივალთ მრევლთან სპეციალური აღჭურვილობით, როგორიც იქნება სამედიცინო რეკომენდაცია და მივალთ, უნუგეშოდ არ დავტოვებთ,"- ამბობს მეუფე საბა. 

ეპისკოპოსის თქმით, არც მისთვის ყოფილა მარტივი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მრევლისთვის მოეწოდებინა, სახლში დარჩენილიყვნენ, თუმცა მისივე თქმით, როდესაც სასწორზე ადამიანის ჯანმრთელობა დგას, თამაშის დრო არ არის. 

"დღეს სწორედ ჩემი ქრისტიანული მოვალეობა, სიყვარული მაძლევს ამის უფლებას, რომ მე ვიზრუნო ადამიანის სიცოცხლეზე. ადამიანების სიცოცხლე არ შემიძლია, დავდო სასწორზე. მე მხოლოდ ჩემი თავი შემიძლია გავწირო, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანს საფრთხე აქვს, რომ შეიძლება გარდაიცვალოს, თამაშის დრო ნამდვილად არ არის,"- თქვა ეპისკოპოსმა. 

მეუფე საბას თქმით, სინოდის სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, წმიდა სინოდისთვის მისი პოზიცია ცნობილია, რადგან თავისი პოზიციების შესახებ მღვდელმთავრებს წერილი გაუგზავნა.

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

კომენტარები