ევანგელური ალიანსი

ევანგელური ალიანსი: ჩვენი ღვთისმსახურებები ვირუსის გამო, დროებით, იცვლის აღსრულების ფორმას

საქართველოს ევანგელური ეკლესიები აცხადებენ სრულ მხარდაჭერას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისადმი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ევანგელური ალიანსი ავრცელებს. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მათი ღვთისმსახურებები არც ჩერდება და არც უქმდება, არამედ დროებით, ვიდრე განსაცდელი ჩაივლის, იცვლის აღსრულების ფორმას.

ევანგელური ეკლესიები მოუწოდებენ მოქალაქეებს ზედმიწევნით შეასრულონ მთავრობის მიერ დადგენილი საგანგებო მდგომარეობის წესები, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს.
 
"ჩვენი ღრმა რწმენით, საღვთო წერილი არაორაზროვნად ასწავლის საერო და სასულიერო ძალაუფლებების შესახებ. ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისაგან გამიჯნულია, მაგრამ არა დაპირისპირებული. უფალი საერო ხელისუფალთ „ღვთის მსახურთ“ უწოდებს (რომაელთა მიმართ ეპისტოლე 13 თავი) ისევე, როგორც ეკლესიას. ორივე მათგანს უფალი აძლევს ძალაუფლების მახვილს. საერო ხელისუფალთათვის ეს მახვილი გამოიხატება გამოცემულ კანონებსა და დეკრეტებში, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია იძულების წესით, ხოლო ეკლესიას უფალმა სხვა მახვილი განუსაზღვრა, რაც არის ღვთის სიტყვის ქადაგება (ეფესელთა მიმართ ეპისტოლე 6 თავი). 

წმინდა პავლე მოციქული აცხადებს: „ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას“. როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ჩვენ ყველა უნდა ვმორჩილებდეთ უმაღლესს ხელმწიფებას, ხოლო სულიერ საკითხებთან მიმართებაში იქადაგება სახარება და მისდამი მორჩილება. ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე თავად არის ამგვარი მორჩილების უშესანიშნავესი მაგალითი. უფალმა ბრძანა: „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა“ (მათეს სახარება 22 თავი).

გარდა ზემოთ თქმულისა, მტკიცედ გვჯერა, რომ ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლით, ჩვენი ცოდვების გამო მისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით, ღვთის ტაძრად გამოცხადებულია ქრისტეს თითოეული  მორწმუნე. წმინდა პავლე მოციქული ასწავლის და ამბობს: „არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში? თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღმერთის ტაძარი და თქვენა ხართ ის“ (1 კორინთელთა მიმართ ეპისტოლე 3 თავი). აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გაფრთხილება, ღვთის ტაძრის გაფრთხილებაა და მისი დამაზიანებელი პასუხს აგებს უზენაესი ღმერთის წინაშე.

ჩვენ ვლოცულობთ, რათა ღმერთმა გამოიღოს თავისი დიდი მოწყალება და დაგვიხსნას ყველა ამ განსაცდელის ჟამს."- წერია განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს. 

დღეს, 25 მარტს საპატრიარქომ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, "უარს ამბობს მაცხოვარზე." საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, მოძღვარი სახლში აზიარებს. 

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ, ხოლო ტაძრებში დაიცვან დისტანცია - 2 მეტრი. ტაძრის ეზოში - 1.5 მეტრი. განცხადების მიხედვით, მოძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ.

კომენტარები