კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ჩინურმა კომპანიამ Covid-ის 215 000 ტესტი უკან გაიწვია, ხელშეკრულება ანულირებულია

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია.

შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 ტესტს აღარ შეიძენს.

"ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი როდუქცია თავად გაიწვია უკან, ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. 

საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ჩვენ მათი ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გვაქვს. ასევე, გვინდა დაავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - ნებისმიერი ტესტი, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, მოწმდება ლუგარის ლაბორატორიაში. ვაკვირდებით მათ სანდოობას და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მოქალაქეებში.

თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში, ხელშეკრულება ანულირებულია. არის მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობთ იგივე პრინციპით, გამოაგზავნიან პირველ 2 000 ტესტს. იმ შემთხვევაში, თუ მათი სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდან დამტკიცებული და მაღალი, ვიყიდით დამატებით ტესტებს", - თქვა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ტესტებს, რომლებიც მარნეულში იქნა გამოყენებული, ტიკარაძის თქმით, ისინი PCR ტექნოლოგიაზე დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რომელიც სხვა კომპანიის მიერ არის დამზადებული.

კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის მიერ დამზადებული ტესტები ესპანეთში გამოიყენეს. დასავლური მედიის ნაწილში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტესტების სანდოობა მხოლოდ 30%-ია, რის გამოც ესპანეთმა პრუდქცია უკან დააბრუნა.

23 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთიდან სწრაფი ტესტები საქართველოში 4 ეტაპად გადმოიგზავნებოდა. მათი მიღება აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

სწრაფი ტესტების პირველი პარტია, 1000 ცალი, რომელიც საქართველოს საჩუქრის სახით გადმოეცა, 25 მარტს შემოვიდა.

კომენტარები