კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: სურვილი, დაეხმარო ქვეყანას, გასაგებია, დახმარება არ შეიძლება საფრთხედ იქცეს

გიგა ბოკერია
ტაბულა

"გასაგებია სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან სურვილი, რომ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას, რაც ნორმალური კი არა, საჭიროც არის. ბუნებრივია, ეს დახმარება არ შეიძლება, რომ იქცეს საფრთხედ" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლების მიერ პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების რეკომენდაციების დარღვევით დარიგებას.

ბოკერიას თქმით, ის, რაც ზუგდიდში ხდებოდა დაუშვებელია და პოლიტიკური ჯგუფის მიმართ კრიტიკა დამსახურებული იყო. 

"კარგია, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა წრაფადვე, თვითონ აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო საუბარი რაღაც შეთქმულებასა და პროვოკაციაზე. ეს არ არის შეთქმულების თეორიების გავრცელების დრო, ეს არის წესების მკაცრად დაცვის დრო", - თქვა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე.  

გიგა ბოკერიას თქმით, ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ ამ პოლიტიკური გუნდისა და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოიყენა.

ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოს 50 მოხალისე ჰყავს, რომლებმაც ტრენინგი ლუგარის ლაბორატორიის რჩევებზე დაყრდნობით გაიარეს.

"მივმართავ ბატონ იმნაძეს და ბატონ გამყრელიძეს, გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი, სამართლიანი, ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. თხოვნა მაქვს მათთან, რომ იყვნენ თანმინდევრული - როდესაც ასე მკაცრად დამსახურებულად აფასებენ ამას, ასეთივე მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, ნებისმიერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, სადაც რისკები ბევრად მეტია, როცა საუბარია ერთი კოვზით ზიარებაზე. აქ ჩვენ ასეთი მყარი გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია", - თქვა გიგა ბოკერიამ.  

26 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს, თუმცა ამ საშუალებების მოქალაქეებისთვის გადაცემა ყველა რეკომენდაციის დარღვევით მოხდა, რადგან ათობით ადამიანი მჭიდროდ იდგა ერთმანეთთან.  

შსს-ის ცნობით, უწყებამ "ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულსა და ბოლნისში კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები