კორონავირუსი

ერთ დღეში იტალიაში 969 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 5,909 ახალი შემთხვევა

Forbes

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის ეპიდემიის დაწყებიდან ერთ დღეში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოვლინდა ინფიცირების 5,909 ახალი შემთხვევა.

ჯამში ქვეყანას 86,498 ინფიცირებული, 9,134 გარდაცვლილი და 10,950 გამოჯანმრთელებული ჰყავს. აქტიური 66,414 შემთხვევიდან 3,732 პაციენტის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვნენ. იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

კომენტარები